ოლიკო არდემანაშვილი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან უკვე წლებია მუშაობს. პროფესიით პედაგოგია, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება დაამთავრა, მაგრამ იგივე შტატით სამსახური ვერ ნახა და გადაწყვიტა სპეცმასწავლებლად დაეწყო სკოლაში მუშაობა.
“რაც ჩემს ცნობიერს ახსოვს, მთელი ჩემი ბავშვობა ვთამაშობდი მასწავლებლობანას, 8 წელი მარტო ვიზრდებოდი და ჩემს თამაშებში მასწავლებელიც მე ვიყავი და მოსწავლეც. სხვა პროფესიაზე არ მიფიქრია, ვიდრე უნივერსიტეტს დავასრულებდი, მანამდე დავიწყე სამსახურის ძიება, მაგრამ ჩემი სპეციალობით ვერ დავსაქმდი. 2014 წელს პირველად მოხდა სპეციალური მასწავლებლის გადამზადება და სკოლებში შესვლა, მეც გავიარე კურსები, ჩავაბარე გამოცდა და სკოლაში დავიწყე მუშაობა, ჩემი ოცნება ამ გზით ავიხდინე”, – იხსენებს ის
ოლიკო პირველ გაკვეთილს იხსენებს და ამბობს, რომ მისთვის ეს დღე ახლაც ემოციებთანაა დაკავშირებული.
“როდესაც პირველად შევედი გაკვეთილზე, განვიცდიდი, მასწავლებლები მეუბნეოდნენ, სახეზე სიხარული გეტყობოდა და თვალებში შიშიო, თუმცა ამან მალე გაიარა, რადგან მე არ მქონდა სისუსტის გამოვლენის უფლება. როდესაც გავიცანი მოსწავლეები, არ გავუსვი ხაზი, რომ რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეზე ვაკეთებდი აქცენტს. ორი კვირის განმავლობაში ვესწრებოდი გაკვეთილებს, რომ გამეკეთებინა შეფასება და გამეგო მათი ინტერესები. მივხვდი, რომ მე მათ ვჭირდებოდი, რომ მოსწავლეების განათლებასა და განვითარებაში ჩემი წვლილი უნდა შემეტანა”, – გვიყვება ოლიკო.
ოლიკო ამბობს, რომ სკოლებში ინკლუზიურ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწავლა-სწავლების პროცესი მისაღებია როგორც სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდისთვის, ასევე დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც.
“ყველა მოსწავლისთვის უნდა იყოს გათვლილი საჭიროებები და შესაძლებლობები და შემდეგ ამის მიხედვით ვნერგავთ საგაკვეთიკო პროცესს. ეს მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე კი არ მოქმედებს, არამედ ჩვეულებრივად კლასში ყველასთვის მისაღები ხდება უნივერსალური სასწავლო დიზაინით მიწოდებული ინფორმაციის მიღება. მაგალითად, ვიღაცას მოვასმენინებთ ფილმს, ან მუსიკას, ვიღაცას მხედველობით კონტაქტზე გამოვა და ჩართულობის მხრივ ძალიან მაღალია ინკლუზიური განათლების წვლილი”, – ამბობს პედაგოგი.