ადამიანები ისტორიები

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად ეკო-პლასტელინის წარმოება დაიწყო – ჟანა გიგუაშვილის ამბავი

ქარელში მცხოვრებმა 31 წლის პედაგოგმა ჟანა გიგუაშვილმა მოსწავლეებთან ერთად ეკო –  პლასტელინის წარმოება დაიწყო. 

ჟანა ბებნისის სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობს. გვიყვება, რომ პლასტელინის წარმოების იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც დისტანციურად ატარებდა გაკვეთილებს.

“პლასტელინის შეძენა იმ დროს რთული იყო, მე კიდევ ონლაინ გაკვეთილები უნდა გამეხალისებინა, ამიტომ ვუყურე ვიდეო გაკვეთილს, ჯერ მე გავაკეთე და შემდეგ ბავშვებს გავუზიარე. ეს იყო მხოლოდ სახლში ყოფნის პერიოდში. სკოლაში რომ მივედით, ყველამ შეიძინა პლასტელინი და გავაგრძელეთ ჩვენი საქმე. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ კლასში ქანდაკება უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ არ იყო საჭირო მასალა, მე ჩემი ძველი ტექნიკა გამახსენდა და დავიწყე ისევ პლასტელინის დამზადება. ეს ტექნიკა თვითმმართველობაში მყოფ მოსწავლეებს ვასწავლე და უფრო საინტერესო რომ გამეხადა, ამ ბავშვებს დავავალე ესწავლებინათ სხვებისთვის. პლასტელინი დავახარისხეთ და შევინახეთ. ამ მასალას სამომავლოდ გავაჩუქებთ მათზე, ვისაც არ ექნება, შესაძლებელია, გავყიდოთ და თანხა ქველმოქმედებას მოვახმაროთ”, – გვიყვება ჟანა.

ჟანა ამბობს, რომ ყველა ხელსაქმე უყვარს, რაც ხელოვნებასთან კავშირშია. ქარგავს ქსოვს, კერავს. ისწავლა ტიხრულ მინანქარზე და თექაზე მუშაობა, იცის ჭედური ხელოვნება. 5 წელზე მეტია, აქვს საკუთარი სამკერვალო.

5-6 წლიდან დავიწყე კერვა, დედა და ბებია კერავდნენ და მათი გენეტიკს ჩემზეც გადმოვიდა, მაშინ თოჯინებს ვუკერავდი ხოლმე. ზრდასრულ ასაკში გავიარე ჭრა-კერვის კურსი და 5 წელია, რაც სამკერვალო მაქვს, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ღამე თარგებს ვჭრი, დღე ვკერავ, ეს საქმე მიყვარს და მინდა ცოტა წინ წავიწიო. ვფიქრობ დაფინანსება მოვიძიო და საქარგი მანქანა ვიყიდო. ამის შემდეგ უფრო ბევრ საინტერესო ნივთებს დავამზადებ”, – ამბობს ის

ჟანას საქმიანობაში შვილები აქტიურად არიან ჩართულები. ამბობს, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, ამიტომ მათი ჩართულობა შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალებას აძლევს.

“ჩემს საქმეში ჩემი შვილებიც მეხმარებიან, უფროსი მესამე კლასელია და ის აქტიურადაა ჩართული. შეკვეთა მქონდა სამკერვალოში, ღონისძიებისთვის სამოსი უნდა შემეკერა და ზომების ასაღებად წავედი, თან წავიყვანე ჩემი შვილებიც, მე ზომებს ვიღებდი, უფროსი შვილი იწერდა, სიგრძეს, სიგანეს გარშემოწერილობას. ასეთი შემთხვევები შვილებთან მეტი დროის გატარების საშუალებასაც მაძლევს და თან ის ფაქტი, რომ დედას ეხმარებიან, მათაც სიამოვნებთ”.

აპრილის თვეში ვგეგმავთ საქველმოქმედო გამოფენას, სადაც მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები და ნახატები გვექნება გამოფენილი. ასევე გვექნება პრეზენტაცია, თუ როგორ დავიწყეთ პლასტელინის წარმოება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.