ავტორი: ნანა ლომიძე, მასწავლებელი
21-ე საუკუნის მოსწავლეებს ტექნოლოგიების ეპოქაში უწევთ განათლების მიღება. მათი სწავლა-სწავლება თანამედროვე მიდგომებს ეფუძნება. შესაბამისად, მათ ხშირად უწევთ სხვადასხვა საგნის დავალების მოძიება სხვადასხვა წიგნსა თუ ინტერნეტსივრცეში. ამიტომ ასეთი ტიპის დავალებებთან ჩნდება პრობლემებიც.
როგორც ვიცით, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას უფრო ეფექტურს ხდის. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ) ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე წარმოუდგენელია მოაზროვნე, განვითარებული, წარმატებულ ცხოვრებაზე ორიენტირებული მოზარდის ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის გაგება-გააზრებას, დახარისხებას, გაანალიზებას, შეფასებებას, საკუთარი შეხედულებებისა და პოზიციების გამოხატვას.
სწორედ ამ მიზნების მისაღწევად ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს, განუვითაროს მოსწავლეს საჭირო ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, შეფასებისა და კვლევის უნარები. ამ მხრივ საყურადღებოა ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლე აფასებს ინფორმაციის სანდოობას, იძიებს ინფორმაციას და იყენებს ინფორმაციის ორგანიზების სხვადსხვა ხერხს.
საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ინფორმაციის მოძიებისა და მისი გაგება-გააზრების უნარები. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მოსწავლეების, მშობლებს, მასწავლებლებს და გავუწიო რეკომენდაცია.
როდის აღმოვაჩინე პრობლემა?
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს ხშირად ვავალებ ინფორმაციის მოძიებას სხვადასხვა თემიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციას ამობეჭდავდნენ და მოჰქონდათ. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას არ ამუშავებდნენ და პირდაპირ ბეჭდავდნენ.
რაში გვეხმარება მოძიებული მასალა?
- ინფორმაციის დამუშავება-დახარისხებაში;
- ციფრული წიგნიერების განვითარებაში.
- სწორად, გააზრებულად და გასაგებად წერაში.
- აზრის სწორად ჩამოყალიბებაში;
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში იძენენ, კითხვისა და წერის უნარებია. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას და მერე კითხულობს, ჯერ სწავლობს წერას და მერე წერს. იმისათვის, რომ ისწავლოს წერა-კითხვა, მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარებისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობა.
წერა არ გულისხმობს მხოლოდ ასოების სწორად მოხაზვას. ამ სიტყვაში უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია თავმოყრილი. წერითი უნარები, სხვა უნარებისაგან განსხვავებით, თავისთავად ვერ ვითარდება, მას განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. მათ შორის მოძიებული ინფორმაციის დამუშავება წერილობით.
როდიდან ან როგორ უნდა მიეჩვიოს მოზარდი მოძიებული ინფორმაციის დამუშავებას?
ეს ცოტა რთული დასადგენია, თუმცა შემიძლია ვურჩიო ყველას, რომ დაწყებით საფეხურზევე მივაჩვიოთ მოსწავლეები მოძიებას, მოძიებული ინფორმაციის დამუშავებას, სანდოობის დადგენასა და შემდეგ მის წარდგენას. ვასწავლოთ გამოყენებული ლიტერატურის მითითება. ბავშვობიდან ამის შთაგონება ყველაზე კარგი საშუალებაა იმისა, რომ შემდეგში მოზარდში განვითარდეს და ჩამოყალიბდეს მოძიებული მასალის დამუშავების უნარი.. ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იქნება მომავალი თაობისათვის.
როგორ ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას?
პირველ რიგში ვაცნობ მიზანს. რისთვის გვჭირდება მასალის მოძიება. შემდეგ ვუხსნი, რომ მოძიებული ინფორმაცია აუცილებლად კარგად უნდა იყოს დამუშავებული, გადამოწმებული სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, შემდეგ გაანალიზებული, დამახსოვრებული და ბოლოს წარდგენილი.
თუ ასე არ ვიმუშავებთ, რა შედეგს მივიღებთ?
მოსწავლე მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაწერს ინტერნეტში სასურველი თემის დასახელებას, პირდაპირ ამობეჭდავს და მოიტანს სკოლაში. რა სარგებელი მიიღო ამ დროს მოსწავლემ? რა თქმა უნდა, არაფერი. პირიქით, დაზარალდა, დაკარგა დრო, დახარჯა ფურცელი და დასაბეჭდი საღებავი. რატომ? იმიტომ, რომ მან ვერ გაიაზრა დავალების ინსტრუქცია და საჭიროება.
რაც შეეხებათ მასწავლებლებს, ისინი თვლიან, რომ დავალება არასრულფასოვანია. მოსწავლეები თავადაც შეწუხებულები არიან ამ სიტუაციით, ისინი ვერ აანალიზებენ, რომ მოძიება არ ნიშნავს გადმოწერას, საჭიროა გაგება-გააზრება, რაც თავისთავად გულისხმობს ინფორმაციის დახარისხებას, ანალიზს, შეფასებას და ა.შ.
მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და მისი მოგვარება დაეხმარებათ ცოდნის დონის ამაღლებასა და გაგება-გააზრების უნარის განვითარებაში.
ასეთია ჩემი რეკომენდაცია მასწავლებლებისათვის:
- აუცილებელია ისტ-ის ხშირად გამოყენება სხვადასხვა გაკვეთილზე;
- მოსაძიებელი ინფორმაციის დავალებისას მეტი კონკრეტული მითითება სჭირდებათ მოსწავლეებს;
- მოსაძიებიებელი დავალებების მიცემისას აუცილებელია შეფასების რუბრიკის გაცნობა მოსწავლეებისთვის;
- მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირი;
- მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ინფორმაციის სანდოობა და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება, გაგება-გააზრება ინფორმაციის ორგანიზატორების გამოყენებით.
- საჭიროა მრავალფეროვანი აქტივობებისა და რესურსების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
- ვასწავლოთ მოსწავლეებს ინფორმაციის მოძიებისა და სანდოობისათვის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება.
- სხვადასხვა მეთოდისა და აქტივობის, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება;
- საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიებისა და დავალებების შერჩევა.
რეკომენდაციები მშობლებს:
- თვალი ადევნეთ რომელ საიტს იყენებენ და დაეხმარეთ ბავშვებს მათი სანდოობის დადგენაში;
- შეეცადეთ, არ ჩაერიოთ მასალის დამუშავების პროცესში;
- ურჩიეთ და ნუ დაუწერთ.
რეკომენდაციები მოსწავლეებს:
და ბოლოს, მოსწავლეებს ვურჩევ, რომ ინტერნეტში სანდო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასურველია, უმეტესად მივმართოთ საგანმანათლებლო და სამთავრობო ინსტიტუციების, ბიბლიოთეკების, სამეცნიერო ელექტრონული ბაზების, ფონდებისა და ა.შ ვებ-საიტებს.
ინფორმაციის მოძიებისას, თუ თავიდანვე გვეცოდინება, რომელია შედარებით არასანდო წყარო, მაშინ უფრო გაგვიადვილდება მოპოვებული ინფორმაციიდან საჭირო მასალის სელექცია. იმის გათვალისწინებით, რომ ანალოგიური პრობლემა – მოძიებული ინფორმაციის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები – შეიძლება ზრდასრულებსაც აღმოაჩნდეთ, შევიმუშავე გარკვეული რეკომენდაციები:
მოსწავლეებს ვასწავლოთ სანდო ინფორმაციის მოძიება და მივუთითოთ ზუსტი წყარო საიდანაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია;
გაკვეთილზე გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები, მეთოდები, რესურსები (ცხრილები, დიაგრამები), რათა მოსწავლეებმა ისწავლონ მოძიებული ინფორმაციის გაგება-გააზრება, დამუშავება;
- გრაფიკული ორგანიზატორები და ტექსტის გასააზრებელი დვალებები მოსწავლეებს უადვილებს გაგება – გააზრებას;
- სხვადასხვა საგნის პედაგოგებმა ხშირად გამოიყენონ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- მოსწავლეებს მივცეთ კონკრეტული მითითებები;
- საშინაო დავალების მიცემისას გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესები, შესაძლებლობები და მივცეთ არჩევანის საშუალება;
- მოსწავლეებს მივცეთ უკუკავშრი დაშვებული შეცდომების გამოსწორების მიზნით;
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თუ მასწავლებელი და მოსწავლები ერთად, მიზნიდან გამომდინარე, ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორად შერჩეული აქტივობებით მუშაობენ, შედეგიც არ დააყოვნებს, უფრო მეტიც რამდენიმე მიმართულებით ვავითარებთ მოზარდებს. ჩემი მუშაობიდან გამომდინარე, შემიძლია რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბება:
- საჭიროა, მოსწავლეები სისტემატურად ვამუშაოთ ამ ტიპის დავალებებზე;
- დაწყებით საფეხურზე თავიდანვე სწორად უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ შეცდომა ჩვევად არ ექცეთ;
- საბაზო საფეხურზე ხშირად უნდა დავუთმოთ დრო ისეთ სავარჯიშოებს, სადაც მოსაძიებელი და დასამუშავებელი ინფორმაცია იქნება.
- მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივცეთ განმავითარებელი უკუკავშირი დავალებების შესრულებისას;
- დავალებების ერთ-ერთ ნაწილად ვაქციოთ სანდოობის დადგენა.