ბლოგები

4 მთავარი პრობლემა, რომელიც გორის ტრანსპორტის სააგენტომ ვერ მოაგვარა 

ავტორი: ლექსო ვალიაური

გორში ყოველთვის იდგა მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა. რადგან ის მიკროავტობუსები, რომლებიც ქალაქს ემსახურებოდნენ, იყვნენ მწყობრიდან გამოსული, ანტისანიტარული, დადგენილი გრაფიკით არ დადიოდნენ და რაც მთავარია, საღამოს საათებში წყვეტდნენ მუშაობას.

მას შემდეგ, რაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო შეიქმნა და ავტობუსები შემოიყვანეს, თითქოს უნდა მოგვარებულიყო ყველა ეს პრობლემა, თუმცა, მაინც არის ბევრი მოუგვარებელი საკითხი და ეს ყოველდღიურად აისახება იმ ხალხზე, ვინც ამ ავტობუსებით მგზავრობს.

1. პრობლემაა სამგზავრო ბარათის შევსება:

ჩასარიცხი აპარატები ხან არ მუშაობს, ხან ფულს „ყლაპავს“ და ეს თანხა არ აისახება ბარათზე. ასევე, TBC-ის გარდა, სხვა ბანკების ბარათებითაც უნდა იყოს გადახდა შესაძლებელი, ან ავტობუსშივე იყოს მოწყობილი ხურდის ჩასაყრელი აპარატი, რადგან ბევრი ასაკოვანი ადამიანი მგზავრობს და მათთვის ეს მოსახერხებელი იქნება.

2. ჯარიმის შეუსაბამობა სოციალურ ფონთან:

გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა საკმაოდ დიდია, იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურად შეჭირვებული ფენა სარგებლობს ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

3. მოუწესრიგებელი განრიგი:

მოუწესრიგებელია განრიგი, რადგან თუ ავტობუსმა გაასწრო მგზავრს, ხან ნახევარი საათი უნდა ელოდოს შემდეგს. არის შემთხვევები, როცა ბოლო გაჩერებიდან იქამდე არ გადის ტრანსპორტი, ვიდრე შემდეგი არ მოვა.

4. გაუმართავი საინფორმაციო დაფები:

არ მუშაობს გამართულად ტაბლოები, რომლებიც ხშირად გამორთულია. კიდევ უარესია ის, რომ გარეუბნებში არ არის დამონტაჟებული და იქ მცხოვრებ ადამიანებს მკითხაობა უწევთ, როდის მოვა ავტობუსი და ამ დროს გაურკვეველი დროით უწევთ ლოდინი.

ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა ქალაქების მარშრუტებსაც აჩვენებდა ტაბლო. 

აპლიკაციის შექმნის იდეა მივაწოდე სააგენტოს ყველა შესაძლო ფორმით, მაგრამ ეს უპასუხოდ დატოვეს. მესამე წელია, ეს ა(ა)იპი მუშაობს, მუნიციპალიტეტს მისი შენახვა მილიონობით ლარი უჯდება და კიდევ ამდენი პრობლემა რჩება მოუგვარებელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.