21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. რით და როგორ ეხმარებიან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერიები დაუნის სინდრომის მქონე პირებს და რა პროგრამები აქვთ გათვალისწინებული მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
“მოზაიკა” გთავაზობთ, რომელი მუნიციპალიტეტი რა სახის დახმარებას სთავაზობს დაუნის სინდრომის მქონე პირებს:
გორის მუნიციპალიტეტის მერია
- გორის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გათვალისწინებულია ყოველწლიურად ერთჯერადი სოციალური დახმარება – 500 ლარის ოდენობით.
- ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო – სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის წელიწადში 500 ლარი.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
ხაშურის მერიის ცნობით, სოციალური პროგრამის მიხედვით, დაუნის სინდრომის მქონე პირებზე გათვალისწინებულია მედიკამენტების შესაძენად თანხა 200 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერადად.
“გარდა ამისა, თუ რომელიმე მათგანს სხვა სახის მხარდაჭერა დაჭირდება, მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განიხილავს საკითხს და აღმოუჩენს შესაბამის დახმარებას შესაძლებლობის ფარგლებში”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.
ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხსახურის ხელმძღვანელის, ნინო სუხიაშვილის თქმით, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი სიმბოლური საჩუქრებით ეხმარება შშმ პირთა დღის ცენტრების ბენეფიციარებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული მიმართულებით ბიუჯეტში არც პროგრამა აქვთ გათვალისწინებული და არც თანხა.
“ასეთი პროგრამა ბიუჯეტში არ გვაქვს ამ ტიპის ადამიანების დასახმარებლად და არც ღონისძიების შესახევ ვფლობ რაიმე ინფორმაციას ამ ეტაპზე”, – უთხრა მოზაიკას ქარელის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, გია ტიტვინიძემ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვს დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება, 400 ლარით. ასევე გათვალისწინებული აქვს, ერთ ბენეფიცარზე 1000 ლარიანი ვაუჩერი რეაბილიტაციის მომსახურებისთვის მის სრულად ამოწურვამდე.