ახალი ამბები

“მოზაიკამ” გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მოუგო 

“მოზაიკამ” გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა მოუგო. უწყებამ მედიასაშუალებას ორი თვის წინ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გადასცა.

საუბარია საახალწლოდ გაცემულ ჯილდოებზე, რომლის დეტალებსაც გორის მერია არ ასაჯაროებდა. კერძოდ, უწყება მალავდა ინფორმაციას ჯილდოების მიმღები პირების და მათი რაოდენობის შესახებ. 

მერიის წარმომადგენელმა, თეონა თვაურმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ  ამ კითხვებზე პასუხები უწყებამ მას შემდეგ მოამზადა, რაც “მოზაიკამ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

“მოზაიკას” დირექტორი გვანცა დოლუაშვილი ამბობს, რომ გორის მერიის მხრიდან საჯარო ინფორმაციის დაგვიანება ან არმიწოდება პერმანენტულ ხასიათს იღებდა, რის გამოც, მედიასაშუალებამ სასამართლო დავის დაწყება გადაწყვიტა. 

“ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლებამ ვერ იგრძნო ინფორმაციის გასაჯაროების პასუხისმგებლობა და ორ-თვიანი მცდელობის მიუხედავად, საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. იმედი გვაქვს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მათ ამ დამოკიდებულებას შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა საჭირო ინფორმაციის მისაღებად, “მოზაიკა” მზად არის იგივე გზა გაიაროს”, – განაცხადა გვანცა დოლუაშვილმა. 

სასამართლო პროცესზე “მოზაიკას” ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ალექსი მერებაშვილი იცავდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.