ახალი ამბები

“მკვლელობა შურისძიების მოტივით” – პროკურატურის ვერსია გორში მომხდარზე 

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა. პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ დაკავებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, გარდაცვლილსა და მის თანმხლებ პირს ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, დაზიანებები იარაღის კონდახითაც მიაყენა. 

“ნ.ს.-ს დაპირისპირება ჰქონდა ვ.ღ-სათან და ი.კ-სთან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი სთხოვდნენ მას ავტომანქანების უფასო ტექნიკურ მომსახურებას და ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდას მის ოჯახის სახელოსნოს შემოსავლებიდან. 2023 წლის 28 თებერვალს მხარეები იგივე მიზეზით კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, გორში ჯერ ნ.ს-ს სამუშაო ადგილას, შემდეგ კი კეცხოველის ქუჩაზე, დაახლოებით 16:30 საათზე”, – წერია ბრალდების მხარის დადგენილებაში. 

ბრალდების მიხედვით, დაკავებულმა ნ.ს.-მ მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლა განახორციელა ვ.ღ.-სა და ი.კ.-ს მისამართით, შემდეგ კი ფიზიკური დაზიანებებიც მიაყენა. 

“კეცხოველის ქუჩის #164 -ის მიმდებარედ საავტომობილო გზის გვერდულზე ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ვ.ღ-სა და ი.კ-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა არაერთი გასროლა, შესაბამისადვე ორივე მათგან ტანის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები. მას შემდეგ, რაც ნ.ს-ს გაუთავდა ვაზნები, მან ორივე დაჭრილს იარაღის კონდახი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილას. შედეგად ი.კ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. -ს სამედიცინო ჩარევის გამო შეუნარჩუნდა სიცოცხლე”.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.