ახალი ამბები

“იძულებული გახდა ესროლა თავდაცვის მიზნით” – მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი  

“გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირი გარკვეული პერიოდის წინ მივიდნენ მასთან, შეაღებინეს მანქანა, თუმცა არ გადაიხადეს თანხა. ამასთანავე, უთხრეს, რომ ყოველთვიურად მათთვის უნდა ეხადათ ფული”, – ამბობს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი. 

მისი თქმით, სადგურის დასახლებაში მდებარე, ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ავტოსახელოსნოში გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირი უფასოდ მომსახურებასა და თანხას ითხოვდნენ. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ისინი რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მასთან აღარ მისულიყვნენ. 

“მათგან მოთხოვნა იყო, რომ “ასე იქცევა ყველა და მათ საწარმოებში პრობლემები არ არის”. მაგალითად, არ დაზიანდება, მინებს არავინ ჩაუმტვრევს, ხანძარს არავინ გაუჩენს და ასე შემდეგ. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ქუჩურ პრობლემებს მოუგვარებდნენ. ბრალდებულმა და მისმა ოჯახის წევრებმა ამაზე უარი უთხრეს და გააფრთხილეს, რომ აღარ მოსულიყვნენ. ოჯახი უკვე შეშფოთებული იყო, იყო მუქარები ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით და ასე შემდეგ”, – ამბობს ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე. 

ადვოკატის თქმით, ბრალდებული იძულებული გახდა, თავდაცვის მიზნით ესროლა. 

“შემთხვევის დღეს, ბრალდებული გაემართა ატენის მიმართულებით, მას გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირი გამოეკიდნენ ავტომანქანით, გზა გადაუჭრეს და მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა. ბრალდებულმა მის სახელზე გაფორმებული იარაღით, რომელიც მანქანაში ჰქონდა, გადმოიღო და გააფრთხილა, რომ თავი დაენებებინათ, თუმცა ისინი მაინც გაემართნენ მისი მიმართულებით. ბრალდებული აღმოჩნდა თავდაცვის პოზიციაში და იძულებული გახდა, გაესროლა მათი მიმართულებით, მოგერიების მიზნით”, – ამბობს ადვოკატი. 

ინფორმაციისთვის, 1991 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დააკავეს. სამართალდამცავებმა ამოიღეს დანაშაულის იარაღიც. დაკავებულს სასამართლო ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.