ავტორი: ლიკა მელთაური
საქართველოს კანონი „აგენტების შესახებ” ბევრ რამეს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება სრულიად სამართლიანია, რადგან ჩნდება საშიშროება, რომ დაუცველად დარჩნენ ის ადამიანები, რომლებზეც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ზრუნავენ.
მაგალითად, ბავშვებზე, ქალებზე, უმცირესობებზე, შშმ პირებზე, დევნილებზე, მძიმე სამუშაო პირობებში დასაქმებულებზე ზრუნვა და მათი დახმარება სწორედ ამ ორგანიზაციების პროექტების მიზნებია ხოლმე.
ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური გრანტების როლი განათლების საქმეში, განსაკუთრებით, არაფორმალური განათლების მიმართულებით, რადგან სწორედ მათ მიერ განხორციელებული არაერთი პროექტით ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დახმარება, მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საქმეში.
მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, იბეჭდება დამხმარე სახელმძღვანელოები სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით;
- ტარდება ტრენინგები როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მასწავლებლებისთვის და ეწყობა ბავშვთა ბანაკები, გაცვლითი პროგრამები და სხვა.
- ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება/აღზრდისთვის არაფორმალური განათლება და ვფიქრობ, უცხოურ დაფინანსებას ამაში ფასდაუდებელი როლი აქვს.
ჩვენ კი, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ეს შანსი კარგად უნდა გამოვიყენოთ და სხვა ქვეყნების ცუდი გამოცდილება არ გავიზიაროთ.
გამოსავალი, რომ ეს კანონი არ მიიღონ, ისევ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და მათ გაერთიანებაში მგონია.
სამწუხაროდ, უმეტესად არ ვიცით, რას აკეთებენ ეს ორგანიზაციები ჩვენთან. რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის, ძალადობის მსხვერპლებისთვის უამრავი პროექტი სწორედ უცხოური დაფინანასებით ხორციელდება.
არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და თითოეულ მოსახლემდე მიიტანოს ეს ინფორმაცია.