ბლოგები

კანონი ,,აგენტების“  თუ თავისუფლების მოთვინიერების შესახებ?

ავტორი: სოსო ვახტანგაშვილი

ჯერ კიდევ 2500 წლის წინ კონფუცი მოუწოდებდა მთავრობებს, რომ ხალხი ემართათ ზნეობრივად და არამხოლოდ კანონითა და დასჯით! გონიერი ხელისუფლება საზოგადოების გაერთიანებას უნდა ცდილობდეს და არა პირიქით. 

 “აგენტების“ კანონი, რომ სახელისუფლებო პროდუქტია და არა მათი გამხმოვანებლის შემოქმედება, ვფიქრობ კამათის საგანს აღარ წარმოადგენს. არ შევეცდები იურიდიულ კაზუისტიკაში ჩაღრმავებას, ამას ჩემზე უკეთ კვალიფიციური იურისტები მოახერხებენ. მე მხოლოდ იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რატომ განიზრახეს სწორედ ახლა ამ კანონის განხილვა? ახლა, როდესაც საზოგადოების ერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ. 

კარგად მესმის და ჟანრის კლასიკაა, რომ არცერთ მთავრობას კრიტიკა არ მოსწონს, თუმცა სუსტი მთავრობებისგან განსხვავებით, ჭკვიან ხელისუფლებას აქედან დასკვნა გამოაქვს. საწინააღმდეგოდ იქცევა უმეცარი მთავრობა, რადგან იგი კრიტიკოსების და თავისუფალი აზრის  დადუმებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს. 

,,აგენტების“  კანონით რუსეთში პუტინის მთავრობამ გააქრო სამოქალაქო საზოგადოება, მოსპო პრესა და ტელევიზია, გაანადგურა და ციხეში გამოკეტა ოპოზიცია.  თუ იგივე განზრახვა ამოძრავებს ჩვენი ქვეყნის მთავრობას, ეს იქნება შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ! 

ჩვენი ქვეყანა  დღემდე თავისუფლებისთვის გაცნობიერებული ბრძოლით მოვიდა. მათ შორის იყვნენ ის ადამიანებიც, ვისაც უცხო ქვეყნის  აგენტის ,,იარლიყით“  ხვრეტდნენ. ჩვენ 1937 წლის რეპრესიების შვილი თუ არა, შვილიშვილი თაობა მაინც ვართ, ამიტომ მძაფრად აღიქმება ,,აგენტის“ ტერმინი, რადგან ამ ბრალდებით დახვრიტეს   მ. ჯავახიშვილი, ტიციანი, სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი და ამ ქვეყნის სხვა ღირსეული  შვილები.  

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ ამ ისტორიულად გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლება წავა ქართველი ხალხის საუკუნოვანი ოცნების წინააღმდეგ, თუ ხელისუფლება ეცდება ქართული საზოგადოებისათვის თავისუფლების წართმევას, იგი დაუშვებს საბედისწერო შეცდომას და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს. 

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს საზოგადოების გაერთიანებას, ამ ქმედებით იგი უკიდურესად ძაბავს ვითარებას, ანგარიშს არ უწევს არც ჩვენი ქვეყნის მოკავშირეთა გაფრთხილებას და უაღრესად  დაუცველს ხდის საქართველოს. ამ ნაბიჯების ერთობლიობით, ის ართმევს მომავალს ჩვენ შვილებს, თუმცა არც ის უნდა დაივიწყოს, რომ:

თავისუფლებას ვერ ათვინიერებენ! თავისუფლება არ თვინიერდება!!

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.