ბლოგები

“როცა დასავლეთი ჩვენს ხალხს ეხმარებოდა, რუსეთი ჩვენს სოფლებს ანგრევდა”

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი

ამ ბლოგში, საერთაშორისო დონორების მიერ ჩვენს მიმართ გაწეული უამრავი სიკეთეებიდან გავიხსენებ რამდენიმე ფაქტს საკუთარი გამოცდილებიდან.

1998 წელს ხელისუფლებაში ვმუშაობდი და USAID-ის დაფინანსებით გადაგვამზადეს  საჯარო მოხელეები თვითმმართველობის საკითხებში. მას შემდეგ უამრავი პროექტი განხორციელდა მათი და სხვა დონორების დახმარებით, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების დონე ამაღლებულიყო და საკუთარი მიწა-წყლის გაფრთხილება გვესწავლა. ერთ-ერთი მათგანი იყო გორისციხის პროექტი.

დღეს კიდევ უფრო მეტი სიხშირით ხორციელდება 100%-იანი დაფინანსებით მსგავსი პროექტები და გამოდის მთელი ხელისუფლება გავლენის აგენტებად უნდა შეირაცხოს.

2008 წლის ომამდე კი უკვე არასამთავრობო სექტორში მუშაობისას, ჩემმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ბაფ-ის გორის ფილიალი)  და იურისტთა ასოციაციის ადგილობრივმა ორგანიზაციამ გავიმარჯვეთ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში, რომელიც სამაჩაბლოს მხარის ეკონომიკურ რეაბილიტაციას ემსახურებოდა. 7,0 მლნ ევროთი დააფინანსეს 18 ფერმერული მეურნეობა. ჩვენ გვევალებოდა მათი ფინანსური და იურიდიული მომსახურება; გარდა ამისა უნდა გადაგვემზადებინა ადგილობრივი კადრები, რათა მათ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებოდათ ფუნქციონირება.

ამ პროექტის მიზანი იყო, რომ სამაჩაბლოს ოკუპირებული ნაწილის მოსახლეობისთვის ეკონომიკური კეთილდღეობით დაენახვებინათ არჩევანის სწორი ვექტორი და არა ომით და ნგრევით. ომში რომ გვითრევენ, ეს მათ გასაგებად.

აგვისტოს ომის შემდეგ, უკვე მოწყობილი საკალმახეები და ფერმები რუსებმა განავითარეს კი არა, უბრალოდ ტრაქტორით გაასწორეს მიწასთან.

სხვა უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება იმის დასტურად, რომ ჩვენი უცხოელი დონორები საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გვეხმარებიან განვითარებაში, მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა. მოაზროვნე საზოგადოება ადვილად ვეღარ ტყუვდება და  ასევე ხელისუფლების გადმოგდებულ ლუკმაზე თუ არ არის მიბმული, დაუმორჩილებელიც ხდება.

დანარჩენი ტყუილები, კანონის ტექსტით შეფუთული, მხოლოდ იმათთვის არის გამიზნული, ვისაც აღიზიანებს თავისუფალი ადამიანი.

ყველაზე კარგად კანონის ფეიკ-ავტორებმა იციან, რომ ამით მხოლოდ სამოქალაქო სექტორს არ აყენებენ შეურაცხყოფას, ისინი  რეპუტაციას ულახავენ ყველა მეგობარ პარტნიორსა და დონორს, რათა მათ მიატოვონ ეს ქვეყანა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები