სტატიები

წყლისა და კანალიზაციის სისტემის პრობლემა ხაშურში – როდის დაიწყება სამუშაოები 

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ხაშურში გასული წლის დეკემბერში დაანონსდა. უფრო ადრე კი აღნიშნული პრობლემის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებეში ჰქონდა შეტანილი.

პროექტის დაწყება კი 2021 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე ხაშურის მუნიციპალიტეტში გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა და  სასმელი წყლის დეფიციტი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება. 

რატომ არ არის ხაშურში წყალი – რას პირდება ხელისუფლება ადგილობრივებს 

“ტაბიძის  და სააკაძის გზაგასაყარზე ისეთი გუბე დგას, ფეხს ვერ აუცდენ, ძლივს გადმოვიყვანე ბავშვები. დადნა თოვლი, მაგრამ წყალს გასავლელი არსად. აქვს გუბე დგება”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ქეთი შერაზადიშვილი.  

“რამდენი წელია გვპირდებიან და საშველი არ დაადგა, რომელ საუკუნეში აპირებენ ნეტავ გაკეთებას”, – ამბობენ ხაშურელები. 

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

“უახლოეს პერიოდში, ქალაქ ხაშურში, იწყება წყლის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი, პარალელურად, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია, მოაწესრიგებს საგზაო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მოეწყობა სანიაღვრე არხები”, – განაცხადეს ხაშურის მერიაში. 

მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, ხაშურში წყლის სისტემების პრობლემა ისევ მოუგვარებელია. გასული წლის დეკემბერში, ხაშურის მერიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის ტენდერი 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდებოდა. 

“წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ღირებულება 146 მლნ. ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.