ახალი ამბები

კასპელმა ძიუდოისტმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა 

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, კასპელმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“ირაკლი სოფელ თელიანის მკვიდრია, მან ვარჯიში სოფელ მეტეხში ნუგზარ მამულაშვილთან დაიწყო, რომელსაც მის წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ 20 წლის ირაკლის და ნუგზარ მამულაშვილს დაუღალავი შრომის ფასად მოპოვებულ ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპის ღია პირველობა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

დატოვეთ კომენტარი