გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“მინდა მივულოცო ბავშვებს, მათ მშობლებსა და ბაღის პერსონალს ასეთი ლამაზი და კომფორტული შენობა. პატარებისთვის უსაფრთხო გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. გორის მუნიციპალიტეტში ახლო მომავალში კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება, ორი ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მშენებლობა – რეაბილიტაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ პატარების უკეთესი მომავლისთვის,“ – განაცხადა ბაღის გახსნის ღონისძიებაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
მერიის ცნობით, ახალ შენობაში 6 ჯგუფი ფუნქციონირებს და 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ორსართულიანია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების სისტემითა და ბავშვთა უსაფრთხოების სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საბავშვო ბაღის ეზოში მოწყობილია ატრაქციონები, ქვიშის მოედანი და საჩრდილობლები.
შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა და მასზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ინფორმაციისთვის, N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს წლების განმავლობაში სხვა ბაღის შენობაში უწევდათ სააღმზრდელო პროცესის გავლა.