გორს ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) C1 საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა, ევროკომისიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
დელეგაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად უმასპინძლა.
სტუმრებმა გორში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც ლომჭაბუკის მონუმენტის, სკვერისა და ამავე სკვერში არსებული შენობის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, მოეწყო გორისციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკი, რეაბილიტირდა რუსთაველის მემორიალი და მიმდებარე სკვერი.
გარდა ამისა, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოები, ხოლო ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აშენდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის ძველ, ისტორიულ ხიდსაც.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358 836 ევროს შეადგენს.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა ლომჭაბუკის სკვერში მდებარე საგამოფენო სივრცე – ხელოვნების სახლიც მოინახულეს, ასევე ეწვივნენ გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გორის ციხეს.