19 წლის ნიკა ოსაძე, რომელმაც მედიის მეშვეობით აგარის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები სავარაუდო ძალადობაში დაადანაშაულა, დააკავეს.
ნიკა ოსაძეს ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა, ახლა კი გაირკვა რომ ის ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ოჯახის ინფორმაციით, ნიკა ოსაძე სამართალდამცველებმა გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს მათ აგინა. ახალგაზრდა მამაკაცი ადმინისტრაციული მუხლით გაასამართლეს და ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მას 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ოსაძის დედა ამტკიცებს, რომ ამჯერად მისი შვილი პოლიციელების მხრიდან შურისძიების მსხვერპლია, რადგან ისინი ერთი თვის წინ, მედიის მეშვეობით, სავარაუდო ძალადობაში ამხილა.
ბრალდებებს უარყოფენ აგარის პოლიციის თანამშრომლები. შსს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ოსაძე დააკავეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და შეურაცხყოფისთვის.
ცნობისთვის, გასული წლის 19 დეკემბერს ნიკა ოსაძე მედიაში გამოჩნდა და პოლიციელები ძალადობაში ამხილა. მამაკაცს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. მაშინ საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.