ახალი ამბები

ბათუმში გარდაცვლილი ქალის საქმეზე გამოძიება გაზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო 

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 26 იანვარს, ქ. ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში , ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.

“სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამოდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

დატოვეთ კომენტარი