ქარელის #2 საჯარო სკოლის პროექტმა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამართულ სასკოლო ბიზნეს ფორუმზე დაფინანსება მოიპოვა.
“ჩვენი სკოლა ფორუმზე საინტერესო პროექტით წარდგა. “შეიყვარე წიგნი” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველებად ჩამოყალიბებაა”, – ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბიზნეს-კომპანიების წინაშე პროექტი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ლიზი გოგიჩაშვილმა, ნინი ნახუცრიშვილმა და მედეა როინიშვილმა წარადგინეს.
“პროექტის დაფინანსება რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა. ვულოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას პროექტზე მომუშავე გუნდის მთავარ კონსულტანტს, სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თამარ გოგიჩაშვილს, პროექტის წარმდგენ გოგონებს და მთელ სკოლას ამ ღონისძიებაში ღირსეულ ასპარეზობას”, – ნათქვამია განცხადებაში.