სტატიები

რატომ არის საშიში სურამის ხიდთან გადაადგილება და როდის დასრულდება სამუშაოები

ხაშურში, სურამის ხიდთან ერთ თვეში ორი ავარია მოხდა. დაშავდა 4 ადამიანი. ხაშურელები გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს ამ მონაკვეთზე, ხიდის მშენებლობის გაჭიანურებას უკავშირებენ. ხიდის მშნებლობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასულ წელს დაიწყო.

ხაშურში, სურამის ხიდთან ავარია მოხდა 

“რა გახდა ამ ხიდის და საერთოდ ხაშურის გზის გაკეთება ? რამდენი წელი უნდა აკეთოთ, თქვით მაინც?”.

“ელემენტარული გზა არ არის, რამდენი ავარია უნდა მოხდეს რომ მიხედოთ ამ გზას”.

“კიდევ ბევრჯერ მოხდება ავარია, თუ დროულად არ დასრულდა და პატრონი არ გამოუჩნდა”, – ამბობენ ადგილობრივები.

მიუხედავად იმისა, რომ ხიდი დასრულებული არ არის, მასზე ქვეითად მაინც გადაადგილდებიან, რასაც დამატებით საფრთხეთ მიიჩნევენ ადგილობრივ ოპოზიციაში. ენმ-ს წევრი ქარელის საკრებულოში, ეკა პაპუაშვილი აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ამ გაუხსნელ ხიდზე სიარული რა უბედურებაა ხალხო, ეგ ხიდი გახსნილზე იქნება საშიში და ამ გაუხსნელზე რა გულით დადიხართ, არ მესმის.  მოხდება რამე უბედურება და მერე ვივიშვიშოთ პოსტებში. მერე რა, რომ შემზღუდველი ბარიერები დევს, გაწევ და გაივლი. სად ვცხოვრობთ,  არასდროს არაფერი გვეშველება”, – წერს პაპუაშვილი.  

აღსანიშნავია, რომ ხიდის მშენებლობის დაწყების გამო, გზა ისე დაზიანდა, რომ ავტომობილებისთვის გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ირკვევა ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც ამ დრომდე ხიდის მშენებლობა ვერ დასრულდა. ამის შესახებ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა ხაშური -ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაალ დუგლაძემ.

“მართლა მრცხვენია მე თვითონ, იმდენხანს გაიწელა ამ ხიდის მშენებლობა, თუმცა საერთოდ არ ეხება არც მერიას და არც მუნიციპალიტეტს მისი მშენებლობა, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით კეთდება, მაგრამ მოხდა ძალიან ცუდი რაღაც, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ აღმოჩნდა კეთილსინდისიერი, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა შეიქმნა. რა თქმა უნდა მოსახლეობას აქვს სამართლიანი პრეტენზია, მაგრამ როცა დიდი საქმე კეთდება, პრობლემები გარდაუვალია”, – განაცხადა ზაალ დუგლაძემ.

დუგლაძის ინფორმაციით, ახალმა კომპანიამ ხიდის დასასრულებლად სამუშაოები უკვე დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი