გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ერთსართულიან შენობას, სადაც 30 – მდე აღსაზრდელი იღებდა სკოლამდელ განათლებას, სრული რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის მიხედვით, იცვლება სახურავი და კომუნიკაციები, მონტაჟდება ახალი გათბობის სისტემა, მოეწყობა ობიექტის ეზო და ატრაქციონები. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2023 წლის მარტში დასრულდება.
“მომავალი წლიდან, სოფელში მცხოვრებ პატარებს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. ქიწნისის საბავშვო ბაღის შენობა ექსპლუატაციაში დაახლოებით 3 ათეული წლის წინ შევიდა და მას შემდეგ მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩასტარებია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში აშენდა სამი (მეჯვისხევი, მეღვრეკისი, გორი – ანწუხელიძის ქუჩა) და მიმდინარეობს ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა (საქაშეთი, ახალდაბა). რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, ქვახვრელისა და ხელთუბნის საბავშვო ბაღებს.