ახალი ამბები

“37 წელი ფცის სკოლას ვემსახურე, დღეს კი სოციალურ დახმარებასაც კი არ მაძლევენ”

“37 წელი ფცის სკოლას ვემსახურე, დღეს კი სოციალურ დახმარებასაც კი არ მაძლევენ”, – გვეუბნება 85 წლის მარო მჭედლიშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ცხოვრობს.

მარტოხელა ქალის საცხოვრებელი სახლი ავარიულია. ამბობს, რომ კედლები ძლიერი ქარის დროს ჩამოინგრა. მას შემდეგ, მეზობლების დახმარებით შეკეთებულ ერთ ოთახში ცხოვრობს. 

“37 წელი სკოლაში საქმისმწარმოებლად ვმუშაობდი. ახლა კი, ასე ვარ მიტოვებული. ქარელის მერიას მივმართე, თუმცა არც კი დაინტერესდნენ, მოსვლაც არ იკადრეს, რომ ენახათ მაინც, რა მდგომარეობაში ვიყავი. ჯერ ნათესავმა შემიფარა ბინაში. მერე მეზობლებმა ეს ერთი ოთახი შემიკეთეს და აქ გადმოვედი”, – გვიყვება მჭედლიშვილი. 

მოხუცი ქალის შემოსავლის ერთადერთი წყარო ასაკობრივი პენსიაა. 

“სოციალური დახმარებაც შემიჩერეს. გეგონება, გავმდიდრდი. აგენტმა მითხრა,  არ გეკუთვნისო. როგორ არ მეკუთვნის სახლ-კარი დამენგრა, უსახლკაროდ დავრჩი, ყველაფერი შიგნით მოყვა.  ვითხოვ, რომ მოვიდნენ და შეამოწმონ ჩემი სახლი და გამცენ პასუხი, მეკუთვნის დახმარება თუ არა”.

მისი საკითხის გარკვევას “მოზაიკას” ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეეცადა.

“მივალ დღეს და გავარკვევ, თუ შეგვიძლია, რაიმეთი დახმარება”, –  გვითხრა ფცის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლმა გია კილასონიამ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი