“რკინის რაინდი” 1991 წელს გორში ჩამოყალიბდა. როკ – ჯგუფი 4 წევრისგან შედგებოდა და თავის შემოქმედებაში აერთიანებდა “რეინბოუს” მელოდიურობას და აირონ მეიდენის გიტარის პარტიების სტილისტიკას, ხოლო სცენაზე ჯგუფი Judas Priest – ის მსგავს იმიჯს იყენებდა.
ჯგუფის წევრმა, ვასილ იკონნიკოვმა “მოზაიკასთან” როკ-ჯგუფის შექმნის ისტორია გაიხსენა.
“ყოველთვის ოცნებად მქონდა ჯგუფი ჩამომეყალიბებინა, მაშინ სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტში იყო ერთი ჯგუფი, სადაც ხშირად მივდიოდი და ვუკრავდი ხოლმე. სანამ “რკინის რაინდი” ჩამოყალიბდებოდა, ჯგუფის წევრებს მანამდეც ვიცნობდი და ერთადაც ხშირად ვუკრავდით ხოლმე, ხოდა აქედან გაჩნდა იდეა საკუთარი ჯგუფი გვქონოდა”, – ამბობს ვასილ იკონნიკოვი.
ჯგუფის წევრები მანამდე ცალცალკე უკრავდნენ და სიმღერების საკმაო რაოდენობა დააგროვეს. ვასილი ამბობს, რომ მაშინ როკ – მუსიკა არც ისე პოპულარული იყო და მათი შემოქმედება მასისთვის არ იყო განკუთვნილი.
“საშინელი სიტუაცია იყო მაშინ ზოგადად, განსაკუთრებით ფინანსურად, ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ძალიან მაგარი ადამიანი, თამაზ დეკანოიძე, რომელმაც დაგვაფინანსა. ბევრ რამეს კი ჩვენივე ხელით ვაკეთებდით. საბოლოოდ ჩვენი ჯგუფი ჩამოყალიბდა და შედგებოდა 4 წევრისგან: როინ მელაძე (ვოკალი, გიტარა), აჩიკო გუდიაშვილი (ბას – გიტარა), მამუკა გრიგალაშვილი ( დასარტყამი საკრავები) და მე. თავიდან ძალიან გვეშინოდა, რადგან ვიყავით გამოუცდელები, ფაქტობრივად, მაშინ ვსწავლობდით დაკვრასაც. არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, როგორი ჟღერადობა უნდა ჰქონოდა თანამედროვე როკს, არც აპარატურა გვიწყობდა ხელს”, – იხსენებს ვასილ იკონნიკოვი.
“რკინის რაინდის” პირველი კონცერტი 1991 წლის ზაფხულში, გორის კულტურის ცენტრში ჩატარდა. საკონცერტო პროგრამის ძირითადი ნაწილი ჯგუფის მიერ შექმნილი სიმღერებიდან შედგებოდა. ვასილ იკონნიკოვი იხსენებს, რომ ამ კონცერტის ჩანაწერი მოიპარეს და 15 წლის შემდეგ, სრულიად შემთხევით იპოვნეს.
“ძირითადად ჩვენი დაწერილი სიმღერები გვქონდა, თუმცა რამდენიმე “ქავერიც” დავუკარით. დარბაზი სავსე არ იყო, თუმცა ხალხი ჩვენს მოსასმენად მოვიდა, დაახლოებით 300 – 400 ადამიანი. ეს იყო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც აინტერესებდა როკი და “ახალი ხილი” იყო მათთვის. ხელში ჩვენი პლაკატები ეჭირათ და გვისმენდნენ. ამ კონცერტის ჩანაწერი ინახებოდა თამაზ დეკანოიძესთან, რომელსაც ვიდეოსტუდია ჰქონდა, ვიღაცამ გატეხა და მოიპარა ჩანაწერი. გავიდა დაახლოებით 15 წელი და შემთხვევით “ამოტივტივდა”. ფილმი გადიოდა და ფირის ბოლოს დარჩა დრო, რომელზეც გადიოდა ჩვენი კონცერტი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კონცერტის ჩანაწერზე გადაწერილი იყო ფილმი”, – იხსენებს ვასილი.
საზღვარგარეთ კონცერტების ჩატარება ჯგუფმა, დაარსებიდან მალევე დაიწყო. პირველად 1992 წელს უკრაინაში, როკ – ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.
“სპონსორი გამოგვიჩნდა, რომელიც იყო გორელი და მოღვაწეობდა უკრაინაში. მიგვიწვია როკ -ფესტივალზე, ყველაფერი თვითონ უზრუნველყო, იქნებოდა ეს მგზავრობისა თუ სასტუმროს ხარჯი. ასევე ვიყავით რუსეთში, კერძოდ ქალაქ ივანოვაში, საიდანაც ძალიან გულდაწყვეტილები წამოვედით, ერთი ბილეთიც არ გაიყიდა, აღმოჩნდა რომ ეს ქალაქი და მისი მაცხოვრებლები თანამედროვეობას დიდა ვერ უწყობდნენ ფეხს. თუმცა ჩვენთვის ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო.”
“რკინის რაინდმა” სამი წელი იარსება. ბოლო კონცერტი 20 წლის შემდეგ, 2012 წელს გორში, ცენტრალურ მოედანზე ჩაატარა.
“ბოლო საიუბილეო კონცერტი ევროკავშირის დახმარებით, გორში “ევროპის დღეების” ფარგლებში გავაკეთეთ. დიდი დახმარება გაგვიწია ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ჩვენ ისედაც ვემზადებოდით საიუბილეო კონცერტისთვის და რეპეტიციები გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ამიხდა, რადგან სულ მინდოდა ღია სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამეკრა კარგი აპარატურით და ეს მართლაც ასე მოხდა. 20 წლის შემდეგ აგვიხდა ეს ოცნება”, – ამბობს ვასილი.
ჯგუფმა არსებობის განმავლობაში 4 ალბომის შექმნა შეძლო. მათ შორის ერთი რუსულ ენაზე.