ახალი ამბები

რა თანხას მიიღებს გორის „დილა“ ჩემპიონატის მე-3 ადგილზე დასრულების შემთხვევაში?

3 დეკემბერს, წყალტუბოს „სამგურალთან“ გამარჯვების შემთხვევაში გორის „დილა“ 200 ათას ლარს მიიღებს. ასეთია „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-3 ადგილის მფლობელისთვის განსაზღვრული ფულადი პრიზი.

„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ მიხედვით, საქართველოს უმაღლეს დივიზიონში მონაწილე კლუბებისთვის სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმართველობების ბალანსიდან ჯამში 8 მილიონი ლარის სუბსიდირება ხდება. „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 10 გუნდი ასპარეზობს, შესაბამისად თითოეული კლუბი ყოველწლიურად სახელმწიფოსგან საბაზისო 800 ათას ლარს იღებს.

„ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ:

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ და საქართველოს დავით ყიფიანის თასზე გამომუშავებული პრემიალური თანხა: ჩემპიონატში გამარჯვებისთვის გამოყოფილია პრემია 20 ათასი ლარის ოდენობით, ფრე ჯილდოვდება 6 500 ლარით. საქართველოს თასზე გადალახული თითო ეტაპი კი ჯილდოვდება 10 ათასი ლარით.“

გორის „დილას“ 2022 წლის ჩემპიონატში 16 გამარჯვება და 8 ფრე უფიქსირდება. შესაბამისად, კლუბი სახელმწიფოსგან დამატებით 372 ათასი ლარს მიიღებს. ხოლო საქართველოს თასზე გორელთა მიერ გადალახული 3 ეტაპი დამატებითი 30 ათასი ლარია.

3 დეკემბერს „სამგურალთან“ წარმატების შემთხვევაში „დილა“ მონაგარი კიდევ 200 ათასი ლარი გამოვა. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში გორელთა 2022 წლის ფულადი ჯილდო 1 402 000 ლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები