50 წლის ირმა ღვინიაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ცხოვრობს და წლებია, სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს.
“7 წელია სოციალური დახმარების დანიშვნას ვითხოვ, მაგრამ უშედეგოდ. მეუბნებიან, ფართი გაქვსო და ამას ამბობენ ავარიულ სახლზე”, – გვიყვება ირმა.
ირმა გასარემონტებელი სახლის ერთ ოთახში ცხოვრობს.
“არც მაცივარი მაქვს, არც სარეცხი მანქანა, 20 წლის წინანდელი “კორფუჯის”ტელევიზორი მაქვს, მაგას ქონებაში თვლიან”.
ირმა ოპერაციის შემდეგ, შემოსავლის გარეშე დარჩა, რადგან ექიმებმა მუშაობაზე უარის თქმა ურჩიეს.
“ოპერაცია გავიკეთე, მიომა მქონდა, მაგის ფულიც მეზობლებმა შემიგროვეს და გაჭირვებით გავიკეთე, სახელმწიფო მიზერული თანხით დამეხმარა. ავადმყოფობის გამო კი მუშაობა არ შემიძლია ექიმებმა მითხრეს 6 თვე სიარულისგანაც შეიკავე თავიო”.
მარტოხელა ქალს არც საპენსიო ასაკი აქვს.
“არც პენსიის ასაკი არ მაქვს, 50 წლის ვარ. მარტო იმას ვითხოვ, 50 ლარი მაინც დამინიშნონ, ზამთარი მოდის, პურის ფული მქონდეს და კომუნალურები მაინც რომ გადავიხადო”.