ახალი ამბები

“30 ლარი დამინიშნეს დახმარება, აგენტმა მითხრა, მეტი არ გეკუთვნისო” – 86 წლის ქალი ყინწვისიდან

30 ლარი დამინიშნეს დახმარება. აგენტმა მითხრა, მეტი არ გეკუთვნისო, – გვითხრა 86 წლის ნათელა ტუაევმა. 

ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში, გასარემონტებელ სახლში მარტო ცხოვრობს. 

“20 წელია, რაც მარტო ვცხოვრობ. ცხრა შვილი გავაჩინე, თუმცა ისინი დღეს რუსეთში ცხოვრობენ და აქ ჩამოსვლას ვერ ახერხებენ და ვარ ასე მარტო, უპატორონოდ, ჩემი მომხედავი მხოლოდ მეზობლები არიან”.

ნათელა ტუაევი ჯანმრთელობის პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ მუდმივი მკურნალობა სჭირდებათ. 

“ავადმყოფი ქალი ვარ. შარშან გულმა დამარტყა და სულ წამლები მჭირდება. ჩემი პენსია წამლებში მიდის, თან ისეა გაძვირებული წამლები, აღარაფერი მრჩება იმ პენსიიდან”.

დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, მან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

“სოციალურ სააგენტოში განაცხადი დავწერე. მოვიდნენ შემამოწმეს და 30 ლარი დამინიშნეს. დამცინიან. რომ ვკითხე, სხვები, ვისაც ყველაფერი აქვთ, ქონებაც და მიმიხედავებიც, 70 ლარს იღებენთქო და აგენტმა მითხრა, მეტი არ გეკუთვნის ბებოო. ძალიან უსამართლობა ტრიალებს ამ ქვეყანაში”.

ნათელა ტუაევის საკითხი “მოზაიკამ” სააგენტოში მოიკითხა.

“ამ პიროვნებას აქვს ქულა მიღებული 60-დან 70 ათასამდე, რაც 30 ლარს გულისხმობს. ქულათა რაოდენობა განსაზღვრავს თანხის რაოდენობას”, გვითხრეს ქარელის სოციალურ სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი