როგორ მოვაწყოთ შემოდგომის კუთხე და გავალამაზოთ გარემო, სადაც ვართ? – საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რჩევებს კარბის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი, ნათია თევდორაშვილი გვიზიარებს.
“სკოლაში ჩატარებულ შემოდგომის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სურათი, სადაც ნაჩვენები იყო სხვადასხვა სიუჟეტები სოფლის ცხოვრებასა და საშემოდგომო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებული იყო შესაბამისი დეკორაციებით”, – გვეუბნება ნათია და გვიყვება, თუ როგორ დაამზადა საკუთარ მოსწავლეებთან ერთად შემოდგომის აპლიკაციები.
მისი რჩევები გამოადგებათ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლებს და სახლში დადებითი განწყობის შექმნით დაინტერესებულ ადამიანებსაც.
- ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად შევარჩიოთ ნივთები და ფერები, რათა კუთხე უფრო ეფექტური იყოს.
- დეკორაციებისთვის შეგვიძლია შევაგროვოთ და გამოვიყენოთ საყოფაცხოვრები ნივთები, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც აღარ ვიყენებთ.
“მაგალითად, ჩვენ ავირჩიეთ ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც შევაგროვეთ და მოვიძიეთ მასწავლებელთა და მოსწავლეთა ოჯახებში. ის მეტ ეფექტს მატებს წარმოდგენილ კუთხეს. გარდა ამისა, ბავშვებმა არ იციან მათი მნიშვნელობა და საუკეთესო რესურსია გაეცნონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს”.
- გარე სივრცეში კუთხის გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ვარცლი, ზედადგარი, თიხის დოქები, ფიალები, ქოთნები, ქვევრები, სადღობელი, საწნახელი, თიხის კეცები, კალათები, ლასტები, ხახლები, გოდრები.
- გარე სივრცის მოსაწყობად, შესანიშნავ ეფექტს ქმნის თივის ზვინები, ჩალა და ხილით დატვირთული კალათები.
- ოთახის ინტერიერი გასაფორმებლად დაგვჭირდება ასევე ძველი ნივთები: ხის ტახტი ძველი ფარდაგებით, ხონჩებით, ნახშირის უთო, ფერადი საქსოვი ძაფები თუ მატყლის საჩეჩი. ასევე მუყაოს ქაღალდით შესაძლებელია ბუხრის გაკეთებაც.
- აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კუთხე შევავსოთ სათანადო ნივთებით – გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი ფითოლი, ასკილი და კუნელის ტოტები, რომლის წითელი ნაყოფის ფერი მეტ კონტრასტს სძენს გარემოს.