განტვირთვა

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა სწრაფად და მარტივად? – ანგლისტის რჩევები

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა შედარებით სწარაფად და მარტივად, რჩევებს გვიზიარებს ანგლისტი, ინგლისური ენის სპეციალისტი, ანა მჭედლიშვილი.

ანას რჩევები დამწყებთათვის ასეთია:

  • პირველ რიგში, გამოკვეთეთ  ვიზუალური მხარე. ისარგებლეთ ვიზუალური ლექსიკონებით და მკაფიო სურათებით. იმისათვის, რომ დავიწყოთ ინგლისურად საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვების მარაგი და მათი სხვადასხვა გზით დამახსოვრება. ვთვლი, რომ საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ვიზუალური ლექსიკონები და სურათები, რაც დაგვეხმარება ახალი, სრულიად უცხო სიტყვები უკეთ დავიმახსოვროთ.
  • აუცილებელია მოსმენების გამოყენება. მაშინ, როდესაც ვიწყებთ ინგლისურის სწავლას, პირველი სირთულე, რომელიც ჩვენს წინაშე დგება, არის  წერისა და გამოთქმის თავისებურებები. როგორც ვიცით, ინგლისურში გვაქვს კითხვის გარკვეული წესები, რომლებიც გვეხმარება სწორად მეტყველებაში, თუმცა ასევე გვაქვს “დაუმორჩილებელი” სიტყვები და გამონაკლისებიც, ამიტომ მოსასმენები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ვისწავლოთ სწორად საუბარი. ასევე ძალიან კარგია მულტფილმები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები ან გადაცემები, რომელთა ზუსტი თარგმანი შესაძლოა საწყის ეტაპზე ვერ გავიგოთ, თუმცა ისინი ძალიან დაგვეხმარება სიტყვების სწორად გამოთქმაში.
  • ხშირად გვესმის ფრაზა: “მინდა ინგლისურის სწავლა, მაგრამ მე ხომ უბრალოდ სალაპარაკო მინდა და იქნებ გრამატიკას არ მივაქციოთ ყურადღება”. მე ვთვლი, რომ ინგლისურად საუბარი შეუძლებელია გრამატიკის ცოდნის გარეშე. ეს არის ენის ნაწილი, რომლის საშუალებითაც სწორად ვაწარმოებთ წინადადებას, მის დროს და ზოგადად ნებისმიერ აზრს, რომლის გამოთქმაც გვსურს. არასწორი გრამატიკის ფონზე, შესაძლოა მოსაუბრემ სრულიად არასწორად გაიგოს ჩვენი კითხვა, სურვილი ან უბრალოდ ინფორმაცია.
  • ზოგადად კი დავამატებ, რომ ჩემი აზრით, არა მხოლოდ ინგლისურის შესწავლისას არამედ ნებისმიერი საქმის დაწყებისას საჭირო არის სურვილი, მოტივაცია და ბევრი მეცადინეობა/ვარჯიში. აქვე,  გავიხსენებ ერთ-ერთ ინგლისურ გამოთქმას – “Practice makes perfect.”
დატოვეთ კომენტარი
ტეგები