ახალი ამბები

“ქარელობაზე “ღამის შოუს ბენდის” ჩამოყვანა გვინდა, შევთავაზეთ და 17 000 ლარს ითხოვენ”

ქარელის მერიის, კულტურისა და სახელოვნებო გაერთიანება “ქარელობა 2022 “-ისთვის ემზადება. მიმდინარე პროცესებზე გაერთიანების ხელმძღვანელი ‘მოზაიკას” ესაუბრა. 

გიორგი ეგნატაშვილის თქმით, დღესასწაულის მთავარი ღონისძიება გალა-კონცერტი იყო, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება. 

“დაზუსტებით ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვინ იმღერებს, თუმცა სურვილი გვქონდა და შეთავაზება გავუკეთეთ “ღამის შოუს ბენდს”. თავის მხრიდან იმათმა თავის პირობები შემოგვთავაზეს და 17 000 ლარს ითხოვენ. ხელშეკრულება გაფორმებული ჯერ არ არის, ამიტომ დაზუსტებუთ ვერ ვიტყვი, იმღერებენ თუ არა ჩვენთან”, – გვითხრა ეგნატაშვილმა. 

რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, მისი თქმით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული, კულტურული და გასართობი აქტივობები. 

“ქალაქის ცენტრი მოეწყობა სხვადასხვა სახის საგამოფენო სივრცე, სადაც გამოიფინება ხელნაკეთი, თიხის და პოლიმერიული თიხის ნაკეთობები, ნახატები და სამუზეუმო ექსპონატები. ასევე, ბიბლიოთეკა გამოიტანს წიგნებს და მისი გამოფენა მოეწყობა. დილიდანვე გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. მთელი დღის განმავლობაში უფასო იქნება ბავშვებისთვის ატრაქციონები, იქნებიან ანიმატორები და მთელი დღის განმავლობაში იზრუნვებენ ბავშვების გართობაზე”, – გვითხრა ეგნატაშვილმა.

ასევე, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრში კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი ანსამბლები. 

“გალა კონცერტის დაწყებამდე, ადგილობრივი ანსაბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი. ესენი არიან ქორეოგრაფიული ანსაბლი “იბერიელები” და “ქარელი”. ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას ასევე სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები”. 

რაც შეეხება ხარჯებს, ეგნატაშვილის თქმით, სადღესასწაული ღონისძიების ჯამური ხარჯები ჯერჯერობით უცნობია. 

“რამდენი დაიხარჯება ღონისძიებაზე, ამას გავიგებთ, როდესაც ბენდთან ხელშეკრულება გაფორმდება. სხვა ხარჯებზე შემიძლია გითხრათ, რომ სცენის და აპარატურის მოწყობა 6 000 ლარი გვიჯდება, უფასო ატრაქციონები კი 2 000 ლარი”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი