გორის პირველი საჯარო სკოლის ფასადის ცვლილების გამო დაწყებული პროტესტი გრძელდება. კურსდამთავრებულებმა შეიმუშავეს სარჩელის ტექსტი და როგორ ამბობენ, 70 თანამოაზრის ხელმოწერაც შეაგროვეს.
„საქმე იმ ეტაპზეა, რომ ვაპროტესტებთ შეცვლილ ფასადს. სარჩელი მომზადებულია, თუმცა, ჯერ სასამართლოში არ წარგვიდგენია. გვაქვს დაახლოებით სამოცდაათი ადამიანის ხელმოწერა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა სკოლისთვის პირვანდელი ფასადის დაბრუნებაა”, – გვითხრა გორის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ჟურნალისტმა ნინო დალაქიშვილმა.
პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა ნაწილის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების პირვანდელი ფასადი, აგურით ნაშენი კედლები, გამოიცვალა და გაილესა.
რეკონსტრუქციის დამკვეთ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს განმარტებით, კედლებს აგურები სცვიოდა და საფრთხეს შეიცავდა სიცოცხლისთვის, სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი მთლიანად გამოცვლა.
გორის პირველი საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია 2019 წელს, შიდა პერიმეტრის მოწესრიგებით დაიწყი, გარე ფასადის ცვლილება 2022 წელს მოხდა.
კომპანია „კახა დათაშვილის“ ინფორმაციით, რომელიც გორის პირველი საჯაროს სკოლის რეაბილიტირებაზე იყო პასუხისმგებელი, შიდა და გარე პერიმეტრის მოწესრიგების ერთობლივმა ხარჯებმა 525 000 ლარს მიაღწია.