ახალი ამბები

იძალადეს თუ არა გორელმა პოლიციელებმა პატიმარზე – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 36 წლის პატიმრის მიმართ, გორელი პოლიციელების მიერ შესაძლო ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ზურაბ ხვადაგიძის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 3 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზურაბ ხვადაგაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

” შსს თანამშრომლების მიერ მოქალაქე ზურაბ ხვადაგაძის დაკავება 2022 წლის 25 ივნისს მოხდა, არც დაკავებისას და არც მას მერე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის თავად დაზარალებულს ან მის ადვოკატს გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მოუმართავს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, მომხდარი ფაქტიდან 1 თვის გასვლის შემდეგ გორის რაიონული სასამართლოდან 25 ივლისს შემოსული შეტყობინება, რის საფუძველზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუმცა იმის გამო რომ დაკავებულს და მის ადვოკატს საგამოძიებო ორგანოსთვის არ მოუმართავთ და გამოძიება ობიექტური მიზეზების გამო 1 თვის დაგვიანებით დაიწყო, ამ ფაქტმა შეაფერხა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მოწმის სახით გამოიკითხა 12 პირი, მათ შორის, ზურაბ ხვადაგაძე, მისი დედა, 6 სამართალდამცავი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი 4 სხვა პირი.

“სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. დათვალიერების ფარგლებში, იდენტიფიცირებულ იქნა ოთხ სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი კერძო ობიექტიდან გამოთხოვილი იქნა და დათვალიერდა სამეთვალყურეო ვიდეოკამერების გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დაგვიანებით მომართვის გამო სამ შემთხვევაში ჩანაწერების შენახვის ვადა გასული იყო, შესაბამისად ვიდეოჩანაწერების გამოთხოვა ვერ განხორციელდა, ვინაიდან შემთხვევიდან გასული იყო ერთი თვე”, – ამბობენ უწყებაში.

უწყების მტკიცებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2022 წლის 25 ივნისის ვიდეოჩანაწერები მოითხოვეს, თუმცა მიღებული წერილის თანახმად, ჩამწერი მოწყობილობის მყარ დისკზე აღნიშნული ვიდეოჩანაწერები არ იძებნება.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ დროისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და ზურაბ ხვადაგაძის ტანსაცმლიდან ამოღებული მასალების ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნა ზურაბ ხვადაგაძის მიმართ წარმოებული სამედიცინო და სხვა სახის დოკუმენტაცია, რაზეც დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა მოცემულ ეტაპზე მიღებული არ არის; სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებული იქნა ზურაბ ხვადაგაძის კუთვნილი ის ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის დროს. ამოღებულ ტანსაცმელზე დანიშნულია ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები, რომლის პასუხებიც ამ ეტაპზე მიღებული არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი შედეგების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარე დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

36 წლის მამაკაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს – რა მოხდა გორში 

დატოვეთ კომენტარი