ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურმა მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ა(ა)იპ, “ხაშურსერვისი” შეამოწმა და ხარვეზები აღმოაჩინა.
“მოზაიკა” გთავაზობთ იმ ხარვეზების ჩამონათვალს, რომელიც აუდიტორული შემოწმების შედეგად, “ხაშურსერვისში” გამოვლინდა.
- ა(ა)იპ “ხაშურსერვისს” არ აქვს დასაქმებული პერსონალის თანამდებობების შესაბამისი სახელის აღწერილობა;
- ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული თანამდებობების სრული დასახელება, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები.
“ვინაიდან ორგანიზაციას, არ გააჩნია კონკრეტულ თანამდებობებზე, სამუშაო აღწერილობები და განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები, ჩნდება იმის რისკი, რომ საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციამ ვერ მოახერხოს, კვალიფიციური თანამშრომლების აყვანა, აქედან გამომდინარე კი დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულოს დასაქმებულმა მუშაკებმა ეფექტიანად”, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
- პერიოდულად არ ხორციელდება დასახული მიზნების და ამოცანების შეფასება;
- პროგრამაზე გაწეული ხარჯები არასტაბილურია და ასევე ადგილი აქვს თანხების გადატანას ერთი ადგილიდან მეორეზე;
- არ ხორციელდება შესრულებული საქმიანობის ანალიზი შეფასების ინდიკატორი გამოუყენებელია, შიდა გზების მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით;
- ქვეპროგრამების მიმართულების მენეჯერები არ წარმოუდგენენ ხელმძღვანელებს განხორციელებულ საქმიანობის შესახებ ამგარიშს.
“აღნიშნული ხარვეზები მიუთითებს იმაზე, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საჭიროებს გაუმჯობესებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ა(ა)იპ „ხაშურსერვისი“-ს განვითარებას და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.”
- ორგანიზაციაში გამოყენებული სპეცტექნიკა არის მოძველებული და მათ არ გააჩნიათ გამართული ოდომეტრები, რაც მნიშვნელოვანია საწვავის ხარჯის საკონტროლოდ.
ინფორმაციისთვის, შიდა აუდიტის სამსახურმა 17.01.2022-დან 06.04.2022-მდე პერიოდში განახორციელა მერიის ა(ა)იპ „ხაშურსერვისის“ 2019-2021 წლების ეფექტიანობის აუდიტორული შემოწმება და საკუთარი დასკვნა საკრებულოს წარუდგინა.