ახალი ამბები

გორელმა მოსწავლემ სუმოისტი რობოტი შექმნა, რომელმაც ტექნოლოგიების ბანაკში გაიმარჯვა

გორელი მოსწავლი აკაკი თედიაშვილის სუმოისტი რობოტი ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

აკაკიმ სუმოისტი რობოტი ლეგოებისგან შექმნა, პროგრამულად უზრუნველყო და მოწინააღმდეგე რობოტებთან, საბრძოლველად რინგზე გაუშვა.

“მიზანი იყო, შემექმნა ისეთი რობოტი, ანუ დაგვეპროგრამებინა ისე რომ, როდესაც რინგზე გავიდოდა, დაენახა მოწინააღმდეგე და გაკიდებოდა მას. სამ წამში უნდა ჩართულიყო და დაეწყო ბრძოლა, ამასთან ერთად უნდა დამეპროგრამებინა ისე, რომ საბრძოლო სივრციდან არ გასულიყო. აწყობის პროცესში ბევრ დეტალს მივაქციე ყურადღება, უნდა გამეთვალისწინებინა წონა, სიმძიმის ცენტრი, არც წინ არ უნდა ყოფილიყო მძიმე და არც უკან, კარგად რომ ემოძრავა და არ წაქცეულიყო და პროგრამულად, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო გამართული. როდესაც რობოტების შეჯიბრი დაიწყო ყველა აღნიშნავდა, რომ ჩემი რობოტი ტექნიკურად სწორად იყო აწყობილი”.

ბანაკში, სადაც კონკურსი ჩატარდა, აკაკი 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკი, რომელშიც კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდები მონაწილობდნენ.

“როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, თუმცა არ მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდი. ბანაკში გავეცანი საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს; ვიმუშავე არდუინოსა და პროგრამირებაზე; მოვისმინე ლექციები ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე. ჩავატარეთ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები. ასევე, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში. სწორედ, ასეთი ერთი-ერთი შეჯიბრის ამოცანა იყო შეგვექმნა სუმოისტი რობოტები, რომლებსაც რინგზე მოუწევდათ გასვლა და ბრძოლა, ჩემმა შექმნილმა რობოტმა ყველას მოუგო”, – ამბობს აკაკი.

აკაკი ტექნოლოგიებით მე-7 კლასიდან დაინტერესდა, სწორედ მაშინ დაიწყო თანაკლასელებთან ერთად რობოტების შექმნა და მას შემდეგ ეს სფერო საყვარელ საქმედ იქცა.

ახლა  ის მე -11 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ ეს სფერო მისთვის საინტერესოა, თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ აპირებს, რომ სწავლა სამედიცინო უნუვერსიტეტში გააგრძელოს.

დატოვეთ კომენტარი