ახალი ამბები

62 სარჩელი ერთ წელში – გორში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე იმსჯელეს

პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე დღეს გორში იმსჯელეს. შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი, “სამართლიანი არჩევნები” იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

“ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების ფაქტები”, – აღნიშნა თათია ქინქლაძე, ორგანიზაციის იმ პროექტის კოორდინატორმა, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის არჩევნების შემდეგ ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ 2021 წელს სასამართლოში 62 სარჩელი წარადგინა, რომელთაგანაც პირველ ინსტანციაში 11 მათგანი დასრულდა წარმატებით, სააპელაციო სასამართლოში 6 საქმე აგრძელებს წარმოებას, ხოლო 3 მორიგებით დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაზე ეს საქმეებიც მიმოიხილეს. 

“პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის პრაქტიკა სასამართლოში ძალზედ პრობლემურია და ჩვენ, ერთობლივი მეთოდებითა და საზოგადოების ჩართულობით გვსურს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც უკავშირდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით უკანონო განთავისუფლებას. აღნიშნულ საკითხზე საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მეთოდებით შეიძლება დისკრიმინაციასთან ბრძოლა”, – განაცხადა ქინქლაძემ.

შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებონენ. მათი აზრით, ადამიანებს სჭირდებათ საკუთარი უფლებების და ბრძოლის მექანიზმების შესახებ სწორი ინფორმაციის ქონა.

“მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხდებიან სამუშაო ადგილზე პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი, ვისი შრომითი უფლებებიც ირღვევა და ვინც ცდილობს, რომ დაგეგმოს თავისი დავის სტრატეგია. მეტი ეფექტურობისა და ბრძოლის უკეთ წარმართვისთის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მეტი ინფორმაცია და მე, როგორც ადამიანი, რომელსაც აქვს შრომითი დავა ერთ-ერთ კომპანიასთან, ჩემთვისაც ძალიან ბერვი საინტერესო ინფორმაცია იყო წარმოდგენილი დღევანდელ შეხვედრაზე”, – განაცხადა ანო ბალიაშვილმა, ენმ-ის წევრმა. 

ინფორმაციისთვის, “სამართლიანი არჩევნები” მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მართავს. 

დატოვეთ კომენტარი