ფოტოები: კახაბერ ქარელიძე
„გაიხარეთ ყველა ამომსვლელმა. გისურვებთ კარგ ამინდს და მშვიდობიან დაშვებას. ვერ ვითამაშეთ, მაგრამ თქვენ გაერთობით.”
“მზიანი ამინდია. წარმატეტებს გისურვებთ შემდგომ ამომსვლელებს”
“ასვლა ეძღვნება მწვერვალ გორის სახელის დარქმევიდან 60 წლისთავს. მადლობა ღმერთს, გვაქვს იდეალური ამინდი.“
ეს მწვერვალებიდან ჩამოტანილი წერილებია, რომლებიც ახლა გორში, ხელოვნების სახლის კედლებზე გამოფენის “ტონთიო – ამბავი ოქროს მთებზე” ფარგლებშია გამოფენილი.
“ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ცხოვრების უკვე განსაზღვრული სცენარი ადამიანისთვის ტიპურ მომავალს წარმოადგენს, გორში ახალგაზრდა მეგობრები სირთულეების საძებლენად მთაში სიარულს იწყებენ. 1982 წელს კი საერთო მისწრაფების გარშემო შეკრებილი ენთუზიასტები „ტონთიოს“ ქმნიან”, – ასე იწყება ტექსტი, რომელიც გამოფენის ანონსთან ერთად გავრცელდა.
გამოფენა კლუბ “ტონთიოს” 40 წლიან ისტორიას ასახავს და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ის გვიყვება ამბებს მთებსა და ადამიანებზე. გამოფენა აგებულია ქრონოლოგიურად და მოიცავს ექსპედიციებს 1980-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე.
11 ოქტომბრამდე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ფოტო მასალის გარდა, ნახონ სტატიები, ამონარიდები, პირად ჩანაწერები და მწვერვალებიდან წამოღებული წერილები, რომლებიც გამოფენის ორგანიზატორებმა გააციფრულეს და ექსპოზიციის ნაწილად აქციეს.
“ექსპოზიციის საერთო სურათი კავკასიონის კონტურის შორეულ ასოციაციად გვევლინება, შავ-თეთრ ფოტოებს თანდათან ფერები ეპარება, როგორც გამთენიისას, ამომავალი მზით ნელნელა განათებული მთის ფერდები იბრუნებენ ხოლმე სიცოცხლეს. “ტონთიოს” მთელი ციკლიც მწვერვალისკენ მიმავალი გზის ასეთ რიტუალად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.”
ინფორმაციისთვის, გამოფენა პროექტის “Art House 20 22” მოეწყო. პროექტს გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / Gori Photographers Club გორის მუნიციპალიტეტის მერიას კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.