ახალი ამბები

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა 

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება გასული წელს მომხდარ შემთხვევას, სამართალდამცავებმა მამაკაცი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს. 

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 

ბრალდებულის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები; სასამართლომ მიიჩნია, რომ პაპას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, – აცხადებს ზურაბ თოდუა.

ინფორმაციისთვის, გასულ წელს პროკურატურამ 60 წლის მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 141-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება); 11 პრიმა, 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტის წლის ასაკს მიუღწეველთან); 11 პრიმა, 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“, მეოთხე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ნდობის გამოყენებით) და 11 პრიმა, 139-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ჩადენილი ოჯახის წევრის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი