ახალი ამბები

ეს ჩვენი შანსია – გორელი კალათბურთელი ესტონეთში გასამართ ტურნირსა და მოლოდინებზე

გორის U17 საკალათურთო გუნდი ესტონეთში, ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაზე მიემგზავრება. ტურნირი სტარტს ოქტომბერში აიღებს და გორული გუნდი საქმეში 23 ოქტომბერს ჩაერთვება.

ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს და თუ ვინ იქნებიან გორელთა მეტოქეები, ამას კენჭისყრა დაადგენს.

გორის საკალათბურთო გუნდის წევრი, ლექსო გოგიჩაშვილი გვესაუბრა, თუ როგორი განწყობაა გუნდში და რა მნიშვნელობისაა აღნიშნული ტურნირი.

„ევროპის ახალგაზრდული საკალათბურთო ლიგა ყოველწლიურად ტარდება და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ახალგაზრდებს შორის. ახლაგაზრდულ ლიგაზე თავს იყრიან ევროპის წამყვანი საკალათბურთო გუნდების აკადემიები და მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება.”

ლექსოს თქმით, გუნდი ტურნირისთვის აქტიურად ემზადება. 

“ეს არის შანსი, დავანახოთ ყველას, რომ გორის აკადემიის კალათბურთელებს ყველასთან შეუძლიათ თამაში და აქ უამრავი ტალანტი იზრდება.”

ლექსო ვარაუდობს, რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ევროპის ახლაგაზრდული საკალათბურთო ლიგა შეიძლება ტრამპლინადაც იქცეს გორელი მოთამაშეებისთვის.

“მიუხედავად იმისა, რომ რესურსი მწირია, გუნდის თავდადებისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე მოვედით დღევანდელ დღემდე და მივიღეთ შანსი, რომ ვითამაშოთ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე. ახალგაზრდული ლიგის მიმართ ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესია. ახლაც უამრავი სკაუტი დაესწრება აღნიშნულ შეხვედრებს და ისინი ყოველთვის ახალგაზრდა ტალანტების ძიებაში არიან. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში არის შანსი, რომ მოხდეს სკაუტთა დაინტერესება ჩვენს მიმართ. აქედან გამომდინარე გუნდის თითოეული მოთამაშე სრულიად ვიაზრებთ ტურნირის მნიშვნელობას და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.”

დატოვეთ კომენტარი
ტეგები