ბლოგები

“რაც შეიძლება, ადრეულ ასაკში დაიწყეთ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება” 

ავტორი: მარიამ რობაქიძე, იურისტი

ჩემი მშობლიური ქალაქი ხაშურია, აქ დავიბადე და დავამთავრე სკოლა. სასურველ ფაკულტეტზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე და მალევე დავრწმუნდი, რომ სწორედ იმას ვსწავლობდი, რაც მიყვარდა, მაინტერესებდა და რაშიც, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების გზას ვხედავდი.

ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში დავიწყე პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე ზრუნვა. სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებში სტაჟიორის/თანაშემწის პოზიციაზე მუშაობა ძალიან დამეხმარა პროფესიული უნარების განვითარებაში. 

უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, იმავე წელს, ჩავაბარე მაგისტრატურაზე. სამართლის ფაკულტეტზე მაგისტრანტობის კანდიდატებს შორის კონკურენცია ყოველთვის მაღალია, ამიტომ, ბევრს ვმუშაობდი საერთო სამაგისტრო გამოცდებზე სასურველი შედეგის მისაღებად. საბოლოოდ, კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზეც სრული სახელწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე.

მალევე მუშაობა დავიწყე იურიდიულ კომპანია „კოჟორიძე და იურისტებში“, სადაც დღემდე ვსაქმიანობ. ამ კომპანიას უკავშირდება ჩემი პირველი სასამართლო გამოცდილება, მოგებული პროცესი, წარმატებით დასრულებული საქმე. ფაქტობრივად, იურისტად ამ კომპანიაში ჩამოვყალიბდი. უფრო სასიამოვნო კი ისაა, რომ პრაქტიკული საქმიანობა არ მაძლევს საშუალებას განვითარება შევწყვიტო, რადგან ჩემს პროფესიაში ყოველთვისაა გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ბევრი მუშაობაა საჭირო.

ახლა კი მინდა, რომ ჩემი დაკვირვებები გაგიზიაროთ:

უპირველესად, წარმატება სტატიკური მდგომარეობა არაა, დინამიკაა და მის მოპოვებასაც და შენარჩუნებასაც მუდმივი შრომა სჭირდება. ზოგჯერ წარმატებულად ვთვლით თავს, ზოგჯერ კი არა, თუმცა მთავარი მაინც ისაა, არასოდეს შევწყვიტოთ მუშაობა საკუთარ თავზე, სასურველი შედეგების მისაღწევად. 

მგონია, რომ ახალგაზრდებს ხშირად გვაბნევს გაურკვეველი მომავლის შიში – მოვხვდებით თუ არა სასურველ ფაკულტეტზე, დავსაქმდებით თუ არა სასურველ კომპანიაში, მივაღწევთ თუ არა დასახულ მიზნებს. ღრმად მწამს, რომ არ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია, მთავარი სწორი მეთოდის მოძებნაა ამ მიზნის მისაღწევად.

ასევე მჯერა, რომ ნიჭიერება ცოტა გამართლებას დამატებული ბევრი შრომაა, ამიტომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საქმეში შეუძლია გახდეს წარმატებული და ნიჭიერი, ცხადია, მუშაობის შედეგად.

ჩემი სამომავლო გეგმები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად კონკრეტული მასზე სასაუბროდ. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს მომავალს ცოდნის მიღების მეტ მცდელობაში ვხედავ, ალბათ, მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ვეცდები პროფესიული კვალიფიკაციის  გაღრმავებას ან დამატებითი პროფესიის შეძენას.

დატოვეთ კომენტარი