ბლოგები

როგორ ვისწავლე ხელსაქმე და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩემს ცხოვრებაში?

ავტორი: ლენა სახვაძე  

20 წლის  წინ იუბილეზე დამპატიჟეს, საჩუქრის შერჩევა ძალიან გამიჭირდა. მინდოდა განსაკუთრებული და ორიგინალური რამე მეჩუქებინა მისთვის. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე თვითონ  დამემზადებინა.

ფერადი ქსოვილებით ყვავილები გავაკეთე, თაიგულად შევკარი და ჩარჩოში ჩავსვი. მაშინ ბევრი არ აკეთებდა ხელნაკეთ სუვენირებს. ლამაზი იყო. ვინც ნახა, აღფრთოვანებულები დარჩნენ. ნათლიასაც ძალიან მოეწონა და ალბათ ეს იყო ჩემთვის იმის მოტივაცია, რომ მას შემდეგ უამრავი ნამუშევარი შევქმენი.

ძირითადად მეორადი გამოყენების ნივთებს ვიყენებდი სამუშაოდ. ყველა ლამაზ ნივთს ვინახავდი, შემდეგ მათი გამოყენებით ორიგინალურ სუვენირებს ვამზადებდი.

ვყიდულობდი  ჟურნალებს,  სადაც ხელსაქმეზე სასწავლო სტატიები იყო განთავსებული, ვიღებდი თარგებს და ჩემი იდეებითაც ვამრავალფეროვნებდი. ნივთებს ვქმნიდი და ახლობლებს ვჩუქნიდი. ბევრი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული, თუმცა მაქვს ნამუშევრები, რომლებსაც ალბათ ვერასოდეს გავაჩუქებ.  

ვისწავლე ბისერებზე მუშაობა, ქსოვა, კერვა, ქარგვა. თავიდან ხატვა არ გამომდიოდა, ვიხატავდი და ისე ვქმნიდი ხოლმე თარგებს, თუმცა მუშაობაში ეს უნარიც განვივითარე და დღეს ჩემივე ნახატებით შექმნილი უამრავი თარგი  და ნაქარგი მაქვს.

ამჟამად,  სრულიად მარტო ვცხოვრობ. ეზოში ყვავილების ბაღიც გავაშენე და ჩემი შექმნილი დეკორაციებით და ნახატებით დავამშვენე. როცა ვიღლები, ჩემს სახელოსნოში შევდივარ და მუშაობას  ვაგრძელებ. იმდენად შემაყვარა ხელსაქმემ თავი, მარტოობა არასდროს მიგრძვნია.

ვფიქრობ, ხელსაქმეს ძალიან  ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. პრობლემების დასაძლევად, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, დროის სასარგებლოდ გასატარებლად საყვარელ საქმის კეთებაზე უკეთესი არაფერია.

ხელსაქმემ მასწავლა, რომ მარტოობა არც ისე ცუდი რამეა, უბრალოდ საინტერესოდ უნდა გამოიყენო. მე პირადად, ბევრისთვის მოსაწონი ასეულობით ნამუშევარი შევქმენი. 

გაყიდვაზე არასდროს მიფიქრია და არც ვაპირებ. მათთან  დიდი  ემოციური კავშირი მაქვს ყველა თავისებურად მიყვარს.  მირჩევნია მქონდეს სახლში და სტუმრები ჩემი შექმნილი  სილამაზით დავატკბო.

ბევრი გეგმა მაქვს სამომავლოდ. მინდა კიდევ შევქმნა ნამუშევრები  და უკვე ფართო საზოგადოებასაც  გავაცნო. სურვილი მაქვს ამ წელს ჩემ მიერ  შექმნილი ნივთები ხაშურობაზეც გავიტანო.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.