სტატიები

დევნილების პროტესტი ჩუმათელეთში – რატომ შეუწყდა დასახლებას სასმელი წყალი

სურამში, ჩუმათელეთის დასახლებაში, სასტუმრო “სურამის” შენობაში შესახლებულ დევნილებს სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, – მათ სასმელი წყლის მოთხოვნით აქციაც გამართეს. მერია წყლის შეწყვეტის მიზეზად ორხევის მილის დაზიანებას ასახელებს.

დევნილები ამბობენ, რომ 14 წლის განმავლობაში სასმელად გამოუსადეგარ წყალი მიეწოდებოდათ, თუმცა ერთი კვირაა, რაც წყალი საერთოდ აღარ აქვთ.

“14 წელი გახდა ჩვენი დევნილობიდან და ამ პერიოდის განმავლობაში, ვის აღარ მივმართეთ მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. დაბინძურებული წყალი მოდიოდა, მოყვებოდა ქვეწარმავლები, რის გამოც სასმელი წყლის მოტანა შორი მანძილიდან და ხშირად ყიდვაც გვიწევდა. ახლა კი წყალი საერთოდ აღარ მოგვეწოდება, ვითხოვთ ყურადღებას,” – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა დევნილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბითაა, რადგან წყლის დებეტი შემცირებულია. რაც შეეხება ჩუმათელეთში წყლის შეწყვეტას, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის მიზეზი რიკოთის მიმდებარედ, ავტობანის მშენებლობის გამო ორხევის წყლის მილის დაზიანებაა.

“ავტობანის მიმდინარე მშენებლობის დროს, რამდენიმეჯერ დაზიანდა მილი, მის აღდგენას დასჭირდა რამდენიმე დღე, რადგან გრძელი მილია. დღესაც მანდ ვმუშაობთ, გასულები ვართ. წყლის დებეტიც ძალიან არის დაწეული და დიდი ხანი სჭირდება მილის შევსებას. მილი აღდგენილია, წყალი გავუშვით, რამდენიმე საათი დასჭირდება, რომ აუზამდე ავიდეს”, – გვითხრა შოთა კუჭაიძემ, ხაშურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

ჩუმათელეთელების პროტესტს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ხაშურის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი. მან მოსახლეობას მოთმინება სთხოვა და დაპირდა, რომ წყლის პრობლემა მომავალი წლიდან მოუგვარდებათ. 

“ჩუმათელეთის მოსახლეობას ვთხოვ მოთმინებას. წყლის პრობლემა მომავალი წლიდან ეტაპობრივად მოგვარდება, პირველი პროექტი, რაც ტენდერზე დაიდება, ეს იქნება ჩუმათელეთში ორი ჭაბურღილი თავისი კომუნიკაციებით. ამ პროექტის ღირებულება 2 მილიონ 700 000 ლარია”, – წერს ჩიტიაშვილი.

ინფორმაციისთვის, რიკოთთან ავტობანის მშენებლობის გამო ორხევის მილის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ 18 აგვისტოს გაავრცელა, მომდევნო დღეს კი უწყებამ მოქალაქეებს აცნობა, რომ დაზიანებული მილი აღადგინეს და ჩუმათელეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების მიწოდება დაწყებული იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.