ბლოგები

როგორ და რატომ გავაშენე ტიტების ბაღი?

ავტორი: ლია გაბარაევა

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ერთი დღეც არ მქონია ჩემი მშობლიური სოფელ ავნევის  მონატრების გარეშე. ყველა ფეხის ნაბიჯზე მახსენდება ხოლმე მინდვრის ყვავილებით გაფერადებული წუნარის მთები, ნინა ბებოსთან  სახლში სტუმრად რომ მივდიოდი და გზადაგზა ყვავილების სილამაზით ვტკბებოდი. ისეთი ლამაზი იყო, მოსაწყვეტად მენანებოდა რომ თაიგული გამეკეთებინა..

ჩემს ეზოშიც სულ ვრგავდი ყვავილებს, ბევრი ნარცისი და ტიტა მქონდა. შემოდგომაზე ბოლქვებს ვიღებდი, ვანცალკევებდი და ისევ ვრგავდი ხოლმე. სურვილი მქონდა იმდენი ბოლქვი დამეგროვებინა, რომ მთელი ეზო ფერადი ტიტებით ამეჭრელებინა.

მერე დავოჯახდი, საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე, შვილები შემეძინა. ამასობაში  ავნევი მავთულხლართებითაც შემოსაზღვრეს და იდეა ბავშვობის ოცნებად დამრჩა..

სამი წლის წინ მეზობელი მესტუმრა, ლია კარგი გეგმა  მაქვს შემოსავლის მიღების მიზნითო. იცოდა, ყვავილები რომ მიყვარს და ტიტების ბაღის გაშენება შემომთავაზა. შემოსავალზე არც მიფიქრია, ისე გამეხარდა და დავთანხმდი… ბავშვობაში რომ წარმომედგინა, სწორედ ისეთი ამაღლებული ადგილი შევარჩიე დასარგავად. მიწა დავამუშავეთ და ტიტების ბოლქვები ფერების მიხედვით, რიგებად დავთესეთ.

ისეთი ლამაზია ჩემი ტიტების მთა,  ყვავილობისას სხვა სოფლებიდანაც კი მოდიან ხოლმე ადამიანები სანახავად. ბიზნეს იდეა პანდემიამ ჩააგდო, თუმცა მოვლა და გამრავლება ისევ გავაგრძელე. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დარგვა, ბალახის გამოცლა, მიწის გაფხვიერება, ბოლქვის ამოღება და სხვა პროცედურები სჭირდება,  თუმცა იმდენად მიყვარს და მაბედნიერებს, დაღლას ვერ ვგრძნობ ხოლმე.

მთელი ოჯახი მგულშემატკივრობს და მეხმარება,, გასულ წელს ჩემმა შვილმა გერმანიიდანაც  ჩამომიტანა იშვიათი ჯიშის ტიტების ბოლქვები, იმან მთლად დაამშვენა ჩემი ბაღი.

მაინც ვერ ვამბობ, რომ ეს ის ბაღია რაზეც ვოცნებობდი… ის ავნევში უნდა ყოფილიყო… ბევრს ვფიქრობ ხოლმე ბავშვობის ოცნებებზე, იმ გარემოზე, სადაც გავიზარდე…  ჩემს ძმებზე, მეზობლებზე, ნათესავებზე, იმ ყვავილებზე, მე რომ დავრგე და ვუვლიდი, ნინა ბებოს სახლზე, მამას საფლავზე…

თუმცა მჯერა, რომ ნანატრი ოცნება ოდესმე ახდება. შევძლებ ჩემი სოფლის ნახვას მავთულხლართების გარეშე და აუცილებლად გავაშენებ იქაც ტიტების ბაღს, რომელსაც ახდენილ ოცნებას დავარქმევ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები