ახალი ამბები

რუსეთი 14 წლის წინ ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს – მორიგი ინციდენტი კირბალში

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში,  თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება.

რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება სოფელ კირბალში, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში. 

ბოლო ინციდენტს კირბალში რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, როდესაც შეიარაღებული ფორმიანები ადგილობრივ მწყემსებს დაკავების მიზნით დაედევნენ. გოგი პაპიტაშვილი ინციდენტის დეტალებს “მოზაიკას” უყვება.

“ორნი ვიყავით ნახირში, აქვე ვაძოვევდით საქონელს. 7 რუსი იყო, გამოგვიდგნენ და გამოვიქეცით. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ადრე მე დამიჭირეს კიდეც და ცხინვალის ციხეში ვყავდი. არავინ არ არის ჩვენი პატრონი, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. სალოცავი წაგვართვეს, საფლავების ნაწილიც ოკუპირებულია, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ”,– ამბობს გოგი პაპიტაშვილი.

რთული ვითარების მიუხედავად, 7 ივნისის შემდეგ, არ გამართულა ერგნეთის შეხვედრა, მოლაპარაკებები 23 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ჟენევას, ამ ფორმატში მოლაპარაკებები მერვე თვეა არ ჩატარებულა.

დატოვეთ კომენტარი