სტატიები

რატომ არ არის ხაშურში წყალი – რას პირდება ხელისუფლება ადგილობრივებს 

“ორი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, დაპირება დაპირებად დარჩა”,  – ხაშურში რამდენიმე წელია მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ხელისუფლება ადგილობრივებს ჰპირდება, რომ პრობლემა შემოდგომით მოგვარდება. 

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ჭის წყალს მოიხმარენ, რომელიც დასალევად ვარგისი აღარაა. 

“წყალი ხაშურის გარდა ყველგან შეიყვანეს და იქნებ იფიქრონ ამაზეც, რადგან ჭები სასმელად ვარგისი აღარაა და შუქთან ერთად წყალიც მიდის”. 

“წყალი, წყალი და წყალი, რომ შეგვპირდით. რამდენი წელი უნდა ველოდოთ, გავიგეთ რომ სკვერი და სტადიონი კარგია, მაგრამ წყალი აუცილებელია. 21 საუკუნეა და წყლის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბანერი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა დაწყებულიყო და რას ელოდებით?”, – ამბობს გიგა იკაშვილი. 

მოქალაქეების საპასუხოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომით დაიწყება.

“როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გვაცნობა, სამუშაოები, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას”, – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

რას პირდებოდა ხელისუფლება ხაშურელებს წინა საარჩევნოდ?

ხაშურში წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა 2021 წელს დაანონსდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტი წინასაარჩევნო დაპირებებშიც შეიტანა. 

“წინასაარჩევნო შეხვედრებზე, რომ დადიოდნენ კანდიდატები ყოფილებთან ერთად, მეტი დამაჯერებლობისთვის, პირველი თემა იწყებოდა დაპირებით, რომ ხაშურში 24 საათიანი წყალმომარაგება იქნებაო”, – ამბობენ ხაშურელები. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების პროექტით გათვალისწინებული ხაშურის წყლის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება და 2026 წელს დასრულდება. 

ინფორმაციისთვის, ხაშურში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2021 წელს დაანონსდა. წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის 66 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო, წყლის პრობლემა კი 35 000 -მდე ადამიანს მოუგვარდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.