სტატიები

რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ბინა და ავტომობილი არ აქვს – დეკლარაცია

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივნისში შეავსო. თეიმურაზ კალანდაძემ დეკლარაციაში ასახა მიწის ნაკვეთები, აგარაკი და საბანკო ვალდებულებები, თუმცა არაფერია ნათქვამი საცხოვრებელ სახლზე და ავტომობილზე. დეკლარაციის მიხედვით, კალანდაძეს არც სახლი აქვს და არც მანქანა ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს შევსებული დეკლარაციაში კალანდაძეს მითითებული ჰქონდა საცხოვრებელი ბინა ბათუმში. წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კი აღნიშნული ბინა გაყიდა და სესხი დაფარა.

კალანდაძე ფლობს ორ მიწის ნაკვეთს, შენობა-ნაგებობებით, ბაკურიანსა და დუშეთში, რომლებიც სხვადასხვა წლებში შეიძინა და საერთო ჯამში 60 158 ლარი გადაიხადა.

“ბაკურიანში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კოტეჯები და წარმოადგენს კოტეჯების მესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში არსებული ფართს”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

მიწის ნაკვეთების გარდა, თეიმურაზ კალანდაძის საკუთრებაშია აგარაკი ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს ააშენა და ამისთვის 90 000 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება შემოსავლებს, დეკლარაციის მიხედვით თეიმურაზ კალანდაძემ გასულ წელს, გენერალური ინსპექციის ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების სამმართველოს უფროსის რანგში ერთ წელში, ხელფასის სახით 31 970 ლარი მიიღო, ხოლო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი უფროსის მოადგილის რანგში მისმა ხელფასმა 16 998 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, კალანდაძე ორ იპოთეკურ სესხს იხდიდა, საიდანაც ერთი ვადაზე ადრე დაფარა და 23 371 დოლარი გადაიხადა.

“სესხი დაფარული იქნა ვადაზე ადრე 11.06.2021 წელს, ბათუმში გაყიდული ბინიდან მიღებული შემოსავლით”, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

კალანდაძე კიდევ ერთ იპოთეკურ სესხს იხდის, რომლის ნაწილიც, 3 679 დოლარი უკვე დაფარული აქვს.

ინფორმაციისთვის, თეიმურაზ კალანდაძე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა. მანამდე ის იმერეთის სამხარეო პოლიციის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი