ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ჰოლანდიაში ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე “პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022” ოქროს მედლები მოიპოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

პირველი ადგილი დაიკავა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კალანდაძემ, რომელმაც ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

“აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.