გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს გორის მერიამ ვაჭრობა აუკრძალა, რადგან უწყების განმარტებით, ამით მახინჯდება ქალაქის იერსახე და არის ანტისანიტარია. იმავე მონაკვეთში, სადაც გარემოვაჭრეები იყვნენ, რამდენიმე ობიექტია, რომლებიც უკვე წლებია მოუვლელია.
გაფუჭებული შადრევანი
იუსტიციის სახლის წინ არსებული შადრევანი რამდენიმე წელია გაჩერებულია. ის წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა და მისი მოვლა-პატრონობა კეთილმოწყობის სამსახურს დაევალა. შადრევანი რამდენიმე წელია არ მუშაობს.
ძველი ბაზრის ტერიტორია
ძველი ბაზრის ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტს 2020 წლის ოქტომბერში გადმოეცა, მანამდე ის “ქართუ ჯგუფის” საკუთრებაში იყო. წინასაარჩევნო პერიოდში გაიცა დაპირება, რომ ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობოდა, თუმცა ამ დრომდე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული.
ძველი ავტოსადგური
ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია გასულ წელს გაიყიდა და მისი მფლობელი ბიზნესმენი გიორგი ჯალაბაძეა. მან ტერიტორია შემოღობა, თუმცა უკვე ერთი წელია, ეს სივრცეც უფუნქციოდაა დატოვებული.