ახალი ამბები

კასპში არსებობს უბანი, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არის

კასპში, ხოკრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები კანალიზაციის სისტემის მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, წლებია საერთო საპირფარეშოთი სარგებლობენ.

“კარები ჩამოვარდა, ქალების ტუალეტი იყო ხოლმე, არ გააკეთეს. ახლა ყველა ერთი ტუალეტით სარგებლობს. ცუდი სუნი და საშინელი მდგომარეობაა”, – გვეუბნება მარიამ პავლიაშვილი და საერთო საპირფარეშოს გვაჩვენებს. 

საკანალიზაციო სისტემის არ არსებობის გამო, ადგილობრივები საკუთარ სახლებში საპირფარეშოებს ვერ აკეთებენ.

“გვპირდებოდა ჩვენი გამგებელი, რომ იქნებაო, მერე უარი გვითხრა, უფასოდ არ კეთდებაო. თვითონ მანქანებს ყიდულობენ, 80 ათასი მისცეს სოფლებში სასიარულო და ჩვენ კანალიზაციას არ გვიკეთებენ. 21 ოჯახი ყოველდღე საპირფარეშოს რიგში ვდგავართ”, – გვიყვება ნანა ჯლანტიაშვილი.

ის და მისი მეზობლები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ რამდენჯერმე მიიღეს დაპირება, თუმცა მათი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. უბნის მაცხოვრებლების თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ საკანალიზაციო სისტემის მოწყობისთვის თანხის შეგროვება შესთავაზა.

“როცა არჩევნები მოდის, გვეხვეწებიან ხმა მოგვეცით და ყველაფერს გაგიკეთებთო, რომ ჩაივლის არჩევნები, მერე აღარავის ვახსოვართ. სამჯერ დავწერეთ განცხადება და უარი გვითხრეს. 1000-1000 ლარი {ააგროვეთ} ოჯახზეო და ვის გამოვბართვათ 1000 ლარი, პენსიონერები ცხოვრობენ, წამლებში და საჭმელში არ ჰყოფნით ფული”, – გვიყვება ნანა. 

ხოკრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, უამრავი პრობლემის ფონზე, მათთვის ყველაზე პრიორიტეტული კანალიზაციის პრობლემის მოგვარებაა და ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღებას სთხოვენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.