გორში ძველი ხიდის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.
“პროექტირების პროცესში ჩართული იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. აღსანიშნავია, რომ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და რეაბილიტაციის პროცესში მაქსიმალურად შეუნარჩუნდება მისი პირვანდელი ისტორიული სახე”, – განმარტავენ გორის მერიაში.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 958 836,3 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით 600 000 ევრო გამოიყო, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 358836,36 ევროს შეადგენს.
ინფორმაციისთვის, ძველი ხიდი 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის.ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.