ავტორი: თამთა შავაძე
“ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე განსაკუთრებულს, ჩვენ ვითხოვთ გზას, რომ აქ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მოსახერხებელი იყოს”, – ამბობენ წითელუბნელები.
სოფელში გზა მოსაპირკეთებელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომობილით გადაადგილებაც კი დღითიდღე რთულდება.
“კარგ ამინდში მტვერი და სიბინძურეა ყველგან, ცუდ ამინდში ტალახი და გუბეები. სოფელი სუფთა ჰაერით და კარგი გარემოთი უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა ჩვენი სოფელი ჩამორჩება ამ ნორმებს. ასეთ გზებზე მანქანის მართვაც კი რთულია”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, საბა ცეცხლაძე.
მისი თქმით, გზის გაკეთება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად შეჩერდა და სამუშაოები აღარ გაგრძელებულა.
“რამდენიმე მეტრი გაასწორეს, რომ დაეწყოთ მოასფალტება, მაგრამ სამუშაოები მოულოდნელად გაჩერდა, იმის გამო, რომ სწორად არ იყო შესრულებული. იყო დაპირებები, რომ ისევ გაგრძელდებოდა სამუშაოები, მაგრამ იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა”, – გვიყვება საბა ცეცხლაძე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული გზის გამო, გადაადგილება მოსწავლეებსაც უჭირთ.
“გზის პრობლემა აისახება მოსწავლეებზეც, რომლებიც მიუხედავად ამინდისა, ყოველდღიურად მიდიან სკოლაში, ბავშვებს ცუდ ამინდში გუბეებში უვარდებათ ფეხი, ტალახის გავლა უწევთ სკოლაში მისვლამდე”, – ამბობს ლიანა ხოზრევანიძე
მოსახლეობის თქმით, გზის მოწესრიგების დაპირებას ყოველწლიურად იღებენ, თუმცა მდგომარეობა უცვლელი რჩება.