გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა.
აღნიშნული ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და ამ დრომდე ბაღის მშენებლობა გაჩერებულია.
ახალი ტენდერის მიხედვით სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 782 280 ლარია გათვალისწინებული. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. პროექტის მიხედვით საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ინფორმაციისთვის, გორის მერიამ პირველად ტენდერი საქაშეთში საბავშვო ბაღის ასაშენებლად გასული წლის აპრილში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომპანიამ, მერიამ კი, ის კომპანია შეარჩია გამარჯვებულად, რომლის მფლობელიც 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა თაღლითობის ბრალდებით.