ახალი ამბები

„ამით ქარელის მერია ირიბად მხარს უჭერს რუსულ სამხედრო მანქანას”

„ამით ქარელის მერია ირიბად მხარს უჭერს რუსულ სამხედრო მანქანას”, – ასე გამოეხმაურა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის” ვასილ ბაქრაძე “მოზაიკას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქარელის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს.

“როდესაც რუსეთი ასეთ ფართომასშტაბიან სისხლისმღვრელ ომს აწარმოებს უკრაინაში, რომელსაც ეწირება ბავშვები, ქალები, მოხუცებულები, ზოგადად ათასეულობით ადამიანი. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ძირძველი ქართული მიწები – აფხაზეთი და სამაჩაბლო, კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსია, ეს ნიშნავს იმას, რომ ირიბად მხარს უჭერ და აძლიერებ რუსულ სამხედრო მანქანას, მხარს უჭერ იმ ყველაფერს, რასაც ეს მანქანა ანგრევს და სპობს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია”, – აცხადებს ვასილ ბაქრაძე.

როგორც ცნობილია, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია დიზელის საწვავს რუსული კომპანიისგან ყიდულობს. უწყებამ ხელშეკრულება სან პეტროლიუმ ჯორჯიას გაუფორმა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტია“.

დატოვეთ კომენტარი